ოკუპირებულ ახალგორის მაღაზიებში დიდი რეიდი მოეწყო და „არალეგალურად“ შეტანილი სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელები ამოიღეს. საუბარია იმ პროდუქციაზე, ასევე საქონელზე, რომელსაც ქართული აქციზური მარკები აქვს და დანარჩენი საქართველოდან შედის ოკუპირებულ ახალგორში.
როგორც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, ახალგორში რეიდები ე.წ. ეკონომიკური დანაშაულის ბრძოლის სამმართველომ ჩაატარა, რათა „საქართველოს ტერიტორიიდან კონტრაბანდული უხარისხო საქონლის შემოტანა აილაგმოს“.
„ამოღებულია 110 კოლოფი თამბაქო, 54 ბოთლი კონიაკი, 20 ბოთლი ლუდი და 30 ქილა ენერგეტიკული სასმელი”, – განაცხადეს დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროში და უკვე ადმინისტრაციული გამოძიებაც დაიწყეს იმის დასადგენად ვის და რა ფორმით შემოაქვს საქონელი.
უწყება აღნიშნავს, რომ „რესპუბლიკაში“ აკრძალულია “საქართველოდან ცხოველების შემოყვანა, ასევე მეცხოველეობის პროდუქტების, სასმელებისა და თამბაქოს შემოტანა”. თუმცა, როგორც ახალგორელები ამბობენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთიდან შეტანილი პროდუქცია ძვირია და დანარჩენი საქართველოდან პროდუქტები სწორედ ამიტომ შეაქვთ, მათ შორის ეთნიკურ ოსებსაც კი.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.