“იმის გამო, რომ მუსლიმი ვარ, საქართველოს ხელისუფლება ჩემს მეუღლეს და შვილს ქვეყანაში არ უშვებს, მე კი ქვეყნის დატოვების უფლებას არ მაძლევს. ფაქტობრივად, მძევლად მაქციეს,” – ამბობს საქართველოს მოქალაქე, ეთნიკური აზერბაიჯანელი ლატიფი კოფჩიევი და დასძენს, რომ დისკრიმინაციის მსხვერპლი რელიგიური მრწამსის გამო გახდა.
როგორც ლატიფი ამბობს, იმის გამო, რომ მუსლიმია და გრძელ წვერს ატარებს, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების და სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები ბარიერებს უქმნიან. ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ოჯახი სამკურნალოდ თურქეთში წავიდა. “ჩემი მეუღლე აინურ აღაიევა აზერბაიჯანის მოქალაქეა. ჩვენ 2015 წელს დავქორწინდით. ბავშვი არ გვიჩნდებოდა და მკურნალობის მიზნით თურქეთში წავედით. გასული წლის დასაწყისში შვილი შეგვეძინა. გადავწყვიტეთ, კანონიერი გზით თურქეთში დავრჩენილიყავით და იქ გვემუშავა და გვეცხოვრა.
ერთ დღესაც პოლიციელები მოვიდნენ და მითხრეს, რომ დაუყოვნებლივ უნდა დამეტოვებინა თურქეთი. ამტკიცებდნენ, რომ საქართველოში პრობლემები მქონდა და საქართველოს მთავრობა მოითხოვდა, რომ თურქეთი დამეტოვებინა. 2017 წლის 23 აგვისტოს დავტოვე ჩემი ოჯახი თურქეთში და დავბრუნდი საქართველოში. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა თბილისის აეროპორტში დამაკავეს და პოლიციის განყოფილებაში წამიყვანეს. უშიშროების სამსახურის სამი თანამშრომელი, მათ შორის, დათო ხუციშვილი და იაშარ სულეიმანოვი, ექვსი საათის განმავლობაში მაყენებდა შეურაცხყოფას. ვიყავი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ. მეუბნებოდნენ, რომ თუ საქართველოში მშვიდი ცხოვრება მინდოდა, მათთან უნდა მეთანამშრომლა.”
როგორც ლატიფი კოფჩიევი ამბობს, ექვსი საათის შემდეგ ის გაათავისუფლეს, ორი დღის შემდეგ კი იაშარ სულეიმანოვმა ის უშიშროების სამსახურში დაიბარა და უთხრა, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე რომ შეწყვეტილიყო, ამისთვის გარკვეულ საბუთებზე ხელი უნდა მოეწერა: “შეურაცხყოფას მაყენებდნენ და თან ვითომ ჩემი დახმარება უნდოდათ. დაკითხის დამთავრების შემდეგ დამემუქრნენ, რომ თუ ამ ყველაფრის შესახებ ვინმეს ვეტყოდი, მომკლავდნენ.”
ლატიფი კოფჩიევის თქმით, მომხდარის გამო თურქეთში მარტოდ დარჩენილი მისი მეუღლე იძულებული გახდა და შვილთან ერთად აზერბაიჯანში, თავის მშობლებთან დაბრუნდა, 2017 წლის 19 დეკემბერს კი, მაშინ, როცა საქართველოში მოდიოდა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე გაარკვია, რომ საქართველოში შემოსვლის უფლება არ ჰქონდა:
“მას შემდეგ, რაც თურქეთიდან წამოვედი, ოჯახთან ერთად ყოფნის უფლებას აღარ მაძლევენ. მეუღლეს და შვილს საზღვართან, ნეიტრალურ ზონაში შევხვდი. მესაზღვრეები, რომლებიც ალბათ ფიქრობდნენ, რომ ქართული არ ვიცოდი, მე და ჩემს ოჯახს შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. საქართველოში არ დარჩა სახელმწიფო ორგანო, რომლისთვისაც დახმარების თხოვნით არ მიმიმართავს, მაგრამ არავინ დამეხმარა.”
მიუხედავად იმისა, რომ ლატიფი კოფჩიევმა არაერთხელ მიმართა პრეზიდენტს, შსს-ს და ომბუდსმენს, დღემდე ვერ გაარკვია, რა მიზეზით არ უშვებენ მის ცოლ-შვილს საქართველოში. კოფჩიევის თქმით, ის არცერთი რადიკალური რელიგიური მიმდინარეობის წევრი არ არის: “მე არ ვარ რომელიმე სექტის წარმომადგენელი. ვარ მუსლიმი. მიმაჩნია, რომ ვალდებული ვარ შევასრულო ის, რაც ყურანმა მიბრძანა. რაც შეეხება წვერს, ბევრი მუსლიმი ატარებს გრძელ წვერს.”
28 წლის ემინ ემინოვიც, კოფჩიევის მსგავსად მიიჩნევს, რომ რელიგიური მრწამსის გამო იდევნება. ისიც საქართველოს მოქალაქეა. დაოჯახებულია. მისი მეუღლე რუსეთის მოქალაქეა. ემინი ამბობს, რომ მის მეუღლეს და 3 მცირეწლოვან შვილს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის უფლებას არ აძლევენ: “შარშან ნათესავების სანახავად აზერბაიჯანში წავედით. 24 ოქტომბერს, როცა აზერბაიჯანიდან საქართველოში ვბრუნდებოდით, საქართველოს მხარეზე მესაზღვრეებმა გაგვაჩერეს და გვითხრეს, რომ ჩემს მეუღლეს და შვილებს საქართველოში შემოსვლის უფლება არ ჰქონდათ. თქვეს, რომ არ იცოდნენ, რა იყო აკრძალვის მიზეზი და თუ რაიმე კითხვა გვქონდა, აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოსთვის მიგვემართა. საელჩოში გვითხრეს, რომ მათ არანაირი კავშირი არ ჰქონდათ საზღვრის გადაკვეთის აკრძალვასთან.”
ემინოვის თქმით, მათ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა სასაზღვრო პუნქტიდან სცადეს საქართველოში შემოსვლა, მაგრამ უშდეგოდ: “ბოლო ასეთი მცდელობის დროს საქართველოს სასაზღვრო სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა უხეშად მითხრა, რომ აქვთ უფლება, ვინც მოსწონთ, ქვეყანაში შემოუშვან და ვინც არ მოსწონთ, არ შემოუშვან. ამჟამად ჩემი ცოლი და შვილები აზერბაიჯანში, ნათესავების სახლებში ცხოვრობენ.”
ლატიფი კოფჩიევის უფლებებს “ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის” იურისტი შოთა თუთბერიძე იცავს. თუთბერიძე ამბობს, რომ საქართველოს შსს ლატიფი კოფჩიევის ოჯახის წევრების საქართველოში შესვლის აკრძალვის სამართლებრივ მიზეზს არ განმარტავს: “შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ პასუხში აღნიშნულია, რომ ლატიფი კოფჩიევის მეუღლეს აინურ აღაიევას და შვილს მუჰამედ კოფჩიევს საქართველოში შემოსვლა აეკრძალათ “საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნების” საფუძველზე. რას წარმოადგენს ეს “სხვა მოთხოვნები”, განმარტებული არ არის. კონკრეტული მიზეზის გარეშე ასეთი აკრძალვა ითვლება კანონის დარღვევად. ამ შემთხვევაში ირღვევა ოჯახის გაერთიანების უფლებაც, რაც ადამიანის ერთ-ერთი მთავარი უფლებაა.”
“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” იურისტი ეთო გვრიტიშვილი, რომელიც ემინ ემინოვის უფლებებს იცავს, აცხადებს, რომ შსს-ს და ომბუდსმენს შუამდგომლობით მიმართა: “ოფიციალურ პასუხში შსს აცხადებს, რომ ემინ ემინოვის მეუღლე საქართველოში არ დაიშვება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ საქართველოს კანონის მე -11 მუხლის 1-ლი პუნქტის ი ქვეპუნქტის თანახმად, ანუ, “კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნების” გამო. შს აკრძალვის კონკრეტულ მიზეზს არ განმარტავს. აკრძალვების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება ხშირად ხდება კონფიდენციალური დოკუმენტების საფუძველზე. ემინ ემინოვის მეუღლის შემთხვევაში გამოყენებული აკრძალვაც დაფუძნებულია კონფიდენციალურ დოკუმენტზე. ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ გავეცნოთ ამ დოკუმენტს და გავიგოთ, კონკრეტულად რა გარემოებაა მითითებული ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვის მიზეზად. სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში, მოსამართლეს შეუძლია განიხილოს ეს დოკუმენტი და გადაწყვიტოს, არის თუ არა დაწესებული აკრძალვა გამართლებული.”
გვრიტიშვილი განმარტავს, რომ ქვეყანაში შესვლის აკრძალვის მსგავსი შემთხვევების დროს, შსს აცხადებს, რომ აკრძალვა ხდება მთავრობის მხრიდან მათთვის მიწოდებულ სიის საფუძველზე, თუმცა არ არის ცნობილი, ვინ ადგენს აღნიშნულ სიას და რა სამართლებრივი საფუძვლებით ხდება ადამიანების ამ სიაში შეყვანა: “ემინ ემინოვის მეუღლეზე გავრცელებულ აკრძალვას არ აქვს კონკრეტული მიზეზი. ის არის ჩვეულებრივი დიასახლისი, რომელიც სამ შვილს ზრდის და არ შეიძლება რაიმე საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს. სწორედ ამიტომ, ასეთი გადაწყვეტილების მიღება უსაფუძვლოდ მიგვაჩნია. გარდა ამისა, ამ გადაწყვეტილების მიღებით დაირღვა როგორც ქვეყნის კანონმდებლობა, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი – პირადი და ოჯახური უფლებები.”
ემინ ემინოვის და ლატიფი კოფჩიევის ოჯახის წევრთა უფლებების დაცვის მიზნით ორგანიზაციებმა სასამართლოს მიმართეს, სადაც საქმის განხილვა ჯერჯერობით, არ დაწყებულა.
პრობლემის გარკვევის მიზნით შსს-თან დაკავშირება ჩვენც ვცადეთ, თუმცა უშედეგოდ. მიუხედავად იმისა, რომ ლატიფი კოფჩიევის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას სუს-ი აწარმოებდა, დოკუმენტაცია გაფორმებულია შსს-ს მიერ და სუს-ის სახელი არსად ფიგურირებს.
შსს-ში განაცხადეს, რომ ლატიფი კოფჩიევის ოჯახის წევრების საქართველოში შემოსვლის აკრძალვა “საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების საფუძველზე” მოხდა. თუმცა, არც აკრძალვის კონკრეტული მიზეზი, არც რაიმე ახსნა-განმარტება “სხვა მოთხოვნების” შესახებ პასუხში მითითებული არ იყო.
გარდა ამისა, ჩვენ წერილობით მივმართეთ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველს ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძეს, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველს ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდს, თუმცა, მათგან პასუხები ვერ მივიღეთ.
ლატიფი კოფჩიევი ამბობს, რომ იმის გამო, რომ არსებულ მდგომარობას აპროტესტებს, უცნობი პირებისგან მუქარის შემცველ ზარებს და შეტყობინებებს იღებს : “უშიშროების სამსახური ტერორისტს მიწოდებს. სინამდვილეში კი ტერორი ის არის, რასაც ეს სამსახური ჩემი ოჯახის წინააღმდეგ აკეთებს. სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრალი არაფერში მიმიძღვის, მის უსაფრთხოებას საფრთხეს არ ვუქმნი, არ წავსულვარ მისი პოლიტიკის, კანონისა და ინტერესების წინააღმდეგ. რამე თუ დავაშავე, დამაკავონ, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრებს თავი დაანებონ. ოჯახმა რა დააშავა? რა საფუძვლით არღვევენ ჩემი ოჯახის გაერთიანების უფლებას?”
რამილ გუსეინოვი
სტატია მომზადებულია “თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის” პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ფონდის – “ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის” ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორთა და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პოზიციას.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.