სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მამაკაც დეპუტატებს მოუწოდებს თავი შეიკავონ   სექსისტური და გენდერული სტერეოტიპების შემცველი განცხადებებისაგან.

საუბარია, 26 აგვისტოს საკრებულოს სხდომაზე მომხდარ ფაქტზე, როდესაც სხდომის დასრულების შემდეგ, საკრებულოს დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბაქარ ბარამიძემ, საკრებულოს თავმჯდომარეს ამირან ცინცაძეს მიმართა, რომ „კითხვები ჰქონდა და დარბაზში მხოლოდ მამაკაცები დარჩენილიყვნენ“. შედეგად, საკრებულოს 24 დეპუტატიდან, რომელთაგან მხოლოდ ორია ქალი, ორივემ სხდომის დარბაზი დატოვა.

საკრებულოს მამაკაცი დეპუტატები არ აკონკრეტებენ თუ რაზე ისაუბრეს დახურულ კარს მიღმა. საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან ცინცაძემ კი აღნიშნა, რომ „პირადი შეხვედრა იყო და რაღაც საკითხზე, პირადი გასაუბრება ჰქონდათ და იქ ქალბატონების ყოფნა საჭირო არ იყო“.

თავად ერთ-ერთი ქალი, საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი  ნარგიზ დიასამიძე, რომელსაც დარბაზის დატოვება მოუწია, ამბობს, რომ მომხდარს არც ქალების პრობლემას და არც გენდერული თანასწორობის საკითხს უკავშირებს.

მისგან განსხვავებით, ა/ო  „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) ბათუმის ფილიალის იურისტ-კონსულტანტი ნიკა დუმბაძე „აჭარის“ ტელევიზიის ეთერში საუბრისას აღნიშნავს, რომ მომხდარი დისკრიმინაციად უნდა ჩაითვალოს, რადგან მართალია, ადმინისტრაციული წარმოება არ მიმდინარეობდა და სხდომა უკვე დასრულებული იყო, თუმცა, მსგავსი განცხადება დეპუტატმა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გააკეთა.

სახალხო დამცველის განცხადებაში კი ნათქვამია, რომ „საკრებულოს სხდომათა დარბაზი არის პოლიტიკური ფორუმი, სადაც მიმდინარეობს პოლიტიკური დებატები და რომელში მონაწილეობის უფლება აქვს საკრებულოს ყველა წევრს, მათი სქესის მიუხედავად. დაუშვებელია, მამრობითი სქესის წარმომადგენელი დეპუტატების მიერ პოლიტიკური ფორუმი აღქმული იყოს როგორც პირადი სივრცე, სადაც შეეძლებათ ქალებს პოლიტიკური დებატების დატოვება მოსთხოვონ. შესაბამისად, ვერანაირი მიზეზი ვერ გაამართლებს ქალების დარბაზიდან გასვლის მოთხოვნას“.

ქალთა მდგომარეობაზე ომბუდსმენის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც არის საუბარი. რომლის თანახმადაც, საქართველოში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვა და გენდერული თანასწორობის მიღწევა კვლავ გამოწვევას წარმოადგენს. დაბალია ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე. აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე, როგორც სამინისტროებში, ისე სახელმწიფო მინისტრის აპარატებში დასაქმებულთა უმრავლესობა  ქალია, თუმცა ხელმძღვანელ პოზიციებზე ისინი ნაკლებად არიან წარმოდგენილნი. აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე დასაქმებულთა გენდერული შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:

14217979_10207624909404420_2034786388_n

მიუხედავად იმისა, რომ 1991 წელთან შედარებით პარლამენტში ახლა მეტი ქალია, ისინი მაინც მხოლოდ 11 პროცენტს შეადგენენ, რაც ეროვნულ საკანონმდებლო ორგანოში  ქალთა პროცენტული მაჩვენებლის მხრივ, 2015 წლის მონაცემებით, საქართველო 190 ქვეყანას შორის 106-ე ადგილზე იყო.

დღეს, პარლამენტში 18 ქალი დეპუტატია. პარლამენტის 15 კომიტეტიდან  ქალი მხოლოდ ერთს ხელმძღვანელობს. 19 მინისტრიდან კი მხოლოდ ორია ქალი.