ინფორმაციის უქონლობა, სტიგმა, დისკრიმინაცია და სამართალდამცველთა არასათანადო დამოკიდებულება – ეს იმ მიზეზთა ჩამონათვალია, რომელსაც არასამთავრობო სექტორი ოჯახში ძალადობის წინაპირობად მიიჩნევს. ამბობენ, რომ მიუხედავად ამ კუთხით წამოწყებული მნიშვნელოვანი კამპანიებისა, პრობლემა ისევ მწვავეა და მის გადასაჭრელად ქმედითი მექანიზმების შემუშავებაა საჭირო.
„ახლა იმაზე საუბარი, რომ ოჯახში ძალადობა შემცირებულია, უბალოდ თავის მოტყუებაა და მეტი არაფერი, ვინაიდან სამართალდამცველთა დამოკიდებულება ამ საკითხისადმი ისევ უცვლელია. ისინი ამ ფაქტებზე კვლავ არასათანადოდ რეაგირებენ, ან სულაც საქმეებს არ არეგისტრირებენ, რადგან ამ საკითხს არასერიოზულად მიიჩნევენ,“- ამბობს DFWatch–თან საუბრისას ა/ო „საფარის“ დირექტორი, უფლებადამცველი ბაია პატარაია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული უკანასკნელი სტატისტიკური მონაცემები კი აჩვენებს, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტებზე პოლიციამ წლის დასაწყისიდან, ივნისის ჩათვლით, 1308 შემაკავებელი ორდერი შეადგინა. ამავე მონაცემებით ყველაზე მეტი მკვლელობა და ძალადობის ფაქტი დედაქალშია მომხდარი, რეგიონების მონაცემები კი შემდეგნაირად გამოიყურება:
იმერეთი და რაჭა-ლეჩხუმი – 1 მკვლელობა, ჯანმრთელობის დაზიანების 3 შემთხვევა და 86 ძალადობა.
სამეგრელო-ზემო სვანეთი – ძალადობის 25 ფაქტი.
გურია – ძალადობის 10 ფაქტი.
აჭარა – ჯანმრთელობის დაზიანების 3 შემთხვევა, სხვა ტიპის ძალადობის 66 შემთხვევა.
სამცხე-ჯავახეთი – სხვადსხვა ტიპის (ფსიქოლოგიური, ფიზიკური, ფინანსური და ა.შ.) ძალადობის 26 შემთხვევა.
შიდა ქართლი – 1 მკვლელობა და ძალადობის 48 შემთხვევა.
მცხეთა-მთიანეთი – ჯანმრთელობის დაზიანების 1 შემთხვევა და 27 ძალადობა.
ქვემო ქართლი – ჯანმრთელობის დაზიანების 2 შემთხვევა და სხვა ტიპის ძალადობის 41 ფაქტი.
კახეთი – 2 მკვლელობა, 6 დაზიანება და ძალადობის 72 სხვა შემთხვევა.
თბილისი – 6 მკვლელობა, 6 ჯამრთელობის დაზიანება და სხვა ტიპის ძალადობის 264ფაქტი.
საბოლოო ჯამში, სულ ძალადობის 696 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან კი დევნა 58%-ზე, ანუ, 403-ზე დაიწყო.
მართალია შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში ძალადობის მსხვერპლთა სქესსზე განცალკევებული ინფორმაცია არ დევს, თუმცა უწყებაში ადასტურებენ, რომ უმეტეს შემთხვევაში ძალადობას ისევ ქალები განიცდიან.
უფლებადამცველთა ნაწილი კი პრობლემის კომპლექსურობასა და მისი გადაჭრის შესაძლო გზებზე საუბრობს. ამბობენ, რომ მონაცემები სანდრო არ შეიძლება იყოს, რადგან გამომდინარე სტიგმიდან, ქალები ისევ დუმილს ამჯობინებენ და ამას ხელს საზოგადოების არასათანადო განწყობაც უწყობს.
„2009 წელს გაეროს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად ყოველი მე-11 ქალი ამბობდა, რომ ის ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ერთხელ მაინც გამხდარა. მას შემდეგ, სამწუხაროდ, კვლევა არ ჩატარებულა და შესაბამისად, არსებული სურათი ისევ უცნობია.
„ყველა განვითარებული ქვეყანა ოჯახში ძალადობის შედეგად მსხვერპლის რეაბილიტაციაზე, ზიანის შემცირებაზეა ორიენტირებული, ჩვენთან კი ამ საფეხურამდე ბევრი გვიკლია, ამიტომ ამ ეტაპზე საუბარი იმაზე, რომ ძალადობის ფაქტები შემცირდა, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია,“ – უთხრა DFWatch–ს უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ.
მის თქმით, პრობლემა კომპლექსურია და ხშირად, მსხვერპლი ქალები ამ საკითხზე ღიად საზოგადოების დამოკიდებულებისა და სტიგმის გამო ვერ საუბრობენ, რასაც ასევე სამართალდამცველთა არასერიოზული დამოკიდებულება ემატება და ძალადობის ფაქტები ისევ აღმოუფხვრელი რჩება.
„საჭიროა მსხვერპლთა რეაბილიტაცია, კრიზისული ცენტრები, რომელიც ჩვენ პრაქტიკულდ არ გაგვაჩნია, ან განვითარების ძალიან დაბალ საფეხურზეა. აგრეთვე მნიშვნელოვანია განათლება, რომლის ყველა რგოლშიც გენდერული თანასწორობა უნდა ისწავლებოდეს. სწორედ ამისთვის ვიბრძვით წლებია და ისევ აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას, თუმცა არსამთავრობო სექტორს საამისოდ ძალიან მწირი რესურსი აქვს, სამაგიეროდ განათლების სამინისტროსა და შსს-ს აქვს, თუმცა ამას სათანადოდ არ იყენებენ,“ – ამბობს ა/ო „საფარის“ დირექტორი.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.