სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პარტიათა შემოწირულობებზე მორიგი მონაცემები გამოაქვეყნა. 2016 წლის აპრილში პოლიტიკურმა პარტიებმა ჯამში 604 526 ლარი ოდენობის შემოწირულობა მიიღეს. ყველაზე მეტი „პატრიოტთა ალიანსს“ ერგო, რომელსაც მოჰყვება „ქართულ ოცნება“ და „გირჩი“. წინა სამ თვესაც პირველ–მეორე ადგილებს „გირჩი“ და „პატრიოტთა ალიანსი“ ინაწილებდნენ.
ოფიციალური მონაცემებით, მოქალაქეებმა „პატრიოტთა ალიანსს” შესწირეს 268 500 ლარი; „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” – 149 020 ლარი, ახალ პოლიტიკურ ცენტრ „გირჩს“ – 124 000 ლარით. 46939 ლარით მეოთხე ადგილზეა ლეონიდ ჩერნოვეცკის გაერთიანება „ბედნიერი საქართველოსთვის“.
ყველაზე დიდი თანხა, 60000 ლარი, „პატრიოტთა ალიანსმა” ვეტერანი ფეხბურთელის, თბილისის „დინამოს” ყოფილი კაპიტნის, მანუჩარ მაჩაიძისგან მიიღო. 50 ათასი ლარი შესწირა “ქართული ოცნებას” გიორგი ბურჭულაძემ. 28 000 ლარი მიიღო “გირჩმა” მიხეილ ჯანიაშვილისგან. ეს ორი უკანასკნელი პიროვნება საზოგადოებისთვის ფართოდ ცნობილი არ არის.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა „რესპუბლიკურ პარტიას“ 80 ლარი, ხოლო პარლამენტის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა საკუთარ პარტიას 100 ლარი შესწირა. პარტიას სულ მიღებული აქვს 1131 ლარი.
მიზერული შემოწირულობა ჰქონდა აპრილში „ნაციონალურ მოძრაობას“ და ისიც საწევროებით. პარტიას 100 ლარი სერგო რატიანმა და ხათუნა გოგორიშვილმა შესწირეს.
„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიან საქართველოს“ ჰქონდა – 600 ლარი; „კონსერვატიულ პარტიას“ – 120 ლარი.
აპრილში შემოწირულობა არ მიუღიათ „თავისუფალ დემოკრატებსა” და „ეროვნულ ფორუმს”.
კანონმდებლობით პოლიტიკური პარტიების შემოსავალი საწევროებითა და კერძო პირთა შემოწირულობებით ივსება. თანაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეს პარტიის დაფინანსება ეკრძალებათ. თუმცა, როგორც საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელი გია ხუხაშვილი აცხადებს, პარტიებს რეალურად არა კერძო პირების, არამედ ბიზნესმენების და შესაძლოა სხვა ქვეყანაში მოღვაწე ბიზნესმენების მხრიდან იღებენ თანხებს სხვადასხვა მაქინაციებით.
„საქართველოში არავის არ სჯერა, რომ პარტიებს კერძო პირები აფინანსებენ. ამ სისტემისთვის ჩვენ მზად არ ვიყავით. ის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ შეუძლია დააფინანსოს პარტია, საქართველოში პრობლემა არასდროს ყოფილა. დაფინანსება ბიზნესმენების მხრიდან ხდება, მაგრამ ამს მოგონილი კერძო პირების მეშვეობით აკეთებენ. ფაქტობრივად, დაფინანსების საკითხი მთლიანად კრიმინალის ზღვარზეა. იმაზე არაფერს ვამბობ, რომ ბევრი რამ შავი ფულით კეთდება. ის პარტიებიც კი, რომლებიც სახელმწიფო ინტერესებსა და კანონმორჩილებაზე საუბრობენ, ამ კრიმინალურ მექანიზმს ფაქტობრივად სისტემატურად იყენებენ, რაც სერიოზული პრობლემაა,“- ამბობს ხუხაშვილი, რომელიც ეჭვობს, „გირჩს“ ან „პატრიოტთა ალიანსს“ უფრო მეტი დაფინანსება ჰქონდეს, ვიდრე „ქართულ ოცნებას“ ან „ნაციონალურ მოძრაობას“.
„უბრალოდ ვფიქრობ, რომ საქართველოში პარტიული ელიტა სამწუხაროდ ჯერ კიდევ შავი ფულით უფრო მეტად ფინანსირდება. „გირჩი“ კი დღევანდელობიდან უცნაური გამონაკლისია, რომელიც ცდილობს, ცივილიზებულ სამყაროში არსებული სტანდარტით იმოქმედოს და მთელი თავისი შემოსავლების ლეგალიზება მოახდინოს. ის ცდილობს შავი ფულის ფუნდამენტზე არ ააგოს თავისი პოლიტიკური კარიერა, ეს გარკვეულ სიმპათიებს იწვევს. თუმცა ასევე ეჭვი არსებობს და ამიტომ ვიტყვი, რომ „გირჩმა“ სპონსორები ხელისუფლების მიმართ ლოიალურობის საფასურად მოიპოვა. სავარაუდოდ „ნაციონალების“ დაშლის გამო მადლიერების სანაცვლოდ ბიზნესს ხელისუფლებისაგან ირიბი თანხმობა აქვს, რომ ეს პარტია დააფინანსოს,“- აღნიშნავს ხუხაშვილი და დასძენს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად პარტიების დაფინანსება ოფიციალურად და ე.წ.შავი ფულით ბევრად გაიზრდება.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.