Stepaniani

არნოლდ სტეპანიანი: „ეს კონფლიქტი რომ უფრო დიდხანს გაგრძელებულიყო, არც კი ვიცი, რა შეიძლება მომხდარიყო”

„პარლამენტის  წევრმა თქვა, რომ ჰყავს 150-კაციანი შეიარაღებული ჯგუფი და მზად არის წავიდეს ყარაბაღში და იომოს. მართალია, საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ სომხებს ასე საჯაროდ განცხადება არ გაუკეთებიათ, თუმცა იგივე განწყობა იყო ჯავახეთშიც,“ – განაცხადა  ა/ო „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარემ არნოლდ სტეფანიანმა შეხვედრაზე, რომელიც საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანულ და სომხურ სათვისტომოებზე მთიან ყარაბაღში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ზეგავლენას ეხებოდა.

როგორც სტეფანიანმა აღნიშნა, ის, რაც ბოლო დროს ყარაბაღში შექმნილი მდგომარეობის პარალელურად  საქართველოში ხდებოდა, ლოგიკურია და რთულია იმის პროგნოზირება, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა საბრძოლო მოქმედებების გაჭიანურების შემთხვევაში.

„2005 წლამდე ყარაბაღის თემა ტაბუირებული იყო. 2005-2006 წლიდან  კი არამარტო სათვისტომოებში დაიწყო ამაზე საუბარი, არამედ ძალიან ბევრი ემისარი არის ორივე ქვეყნიდან შემოსული, რომლებიც  სათვისტომოებში ამ თემის  წინ წაწევას ცდილობენ. შესაბამისად, 2006-დან  ერთმანეთის მიმართ აგრესიის გარკვეულ ზრდას ვამჩნევთ. ამიტომ ის, რაც  ამ 4 დღის განმავლობაში ხდებოდა, ლოგიკურიც იყო, რადგან ჩვენ ამისკენ მივდიოდით. ეს კონფლიქტი რომ უფრო დიდხანს გაგრძელებულიყო, არც კი ვიცი, რა შეიძლება მომხდარიყო. პარლამენტის წევრმა თქვა, რომ 150 კაციანი  შეიარაღებული ჯგუფი ჰყავს და მზად არის ყარაბაღში წავიდეს და იომოს. მართალია ჩვენს მოქალებს ეთნიკურად სომხებს ასე საჯაროდ განცხადება არ გაუკეთებიათ, თუმცა იგივე განწყობა იყო ჯავახეთში,“ –  აღნიშნა სტეფანიანმა.

DF Watch-ის ორგანიზებით წინა კვირას, ფრონტლაინ კლუბში გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე – ცვლადი დინამიკა საქართველოს აზერბაიჯანელთა და სომეხთა შორის ურთიერთობებში.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ:  ა/ო „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარე არნოლდ სტეფანიანი;  „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე  ალი ბაბაევი; ურთიერთობების საკითხებში ექსპერტი, „საქართველოს სომეხთა სათვისტომოს“ გამგეობის ყოფილი წევრი სლავა მეჟდოიანი და „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის“ დირექტორი ზაურ ხალილოვი.