„ერთ-ერთი ყველაზე მწვვე პრობლემა, რაც საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს აქვთ, სახელმწიფო მშენებლობაში მათ ჩართულობას უკავშირდება. (უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული) რეგიონების გარდა, როგორც წესი, აღმასრულებელ ხელისუფლებაში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები არ გვყავს,“ – განაცხადა „საქართველოს სომეხთა სათვისტომოს“ გამგეობის ყოფილმა წევრმა, ურთიერთობების საკითხებში ექსპერტმა სლავა მეჟდოიანმა შეხვედრაზე, რომელიც საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანულ და სომხურ სათვისტომოებზე მთიან ყარაბაღში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ზეგავლენას ეხებოდა.
მისი თქმით, ყარაბაღის კონფლიქტის ოთხდღიანმა გამწვავებამ გვაჩვენა თუ რამდენად შეიძლება დაიძაბოს საქართველოს ეთნიკურად სომეხ და აზერბაიჯანელ მოქალაქეებს შორის ურთიერთობა.
ამავე დროს, მეჟდოიანი ამბობს, რომ საყოფაცხოვრებო დონეზე ამ ორ ჯგუფს შორის დაძაბულობა არ არსებობს. რისი კარგი მაგალითიც წალკის მუნიციპალიტეტია, სადაც ადგილობირივი სომხები და აზერბაიჯანელები არა მარტო თანაარსებობენ, არამედ საკმაოდ კარგად თანამშრომლობენ კიდეც.
„რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოებას, აქ სურათი განსხვავებულია და არანაირი თანამშრომლობა არ არის. მეტიც, პერიოდულად ურთიერთობებში გარკვეული დაძაბულობაც შეინიშნება. ეს კი ნორმალური არ არის, რადგან საქართველოში (ეთნიკური) სომხებისა და აზერბაიჯანელების ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. მაგალითად, თბილისში არ გვყავს საკრებულოს წევრი უმცირესობის წარმომადგენელი. არ გამიგია სპეციალისტის დონეზეც კი გამგეობებში, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე მაქვს საუბარი, ჩვენი წარმომადგენელი იყოს, და ამას იზოლაცია ჰქვია,“ – თქვა მეჟდოიანმა.
DF Watch-ის ორგანიზებით წინა კვირას, ფრონტლაინ კლუბში გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე – ცვლადი დინამიკა საქართველოს აზერბაიჯანელთა და სომეხთა შორის ურთიერთობებში.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ: ა/ო „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარე არნოლდ სტეფანიანი; „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე ალი ბაბაევი; ურთიერთობების საკითხებში ექსპერტი, „საქართველოს სომეხთა სათვისტომოს“ გამგეობის ყოფილი წევრი სლავა მეჟდოიანი და „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის“ დირექტორი ზაურ ხალილოვი.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.