mandarin

ვლადიკავკაზში 20 ტონა მანდარინი გაანადგურეს (ipn)

ჩრდილოეთ ოსეთში, საკონტროლო-გამშვებ პუნქტ ზემო ლარსთან  საქართველოდან შეტანილი 20 ტონა მანდარინით დატვირთული სატვირთო მანქანა დააკავეს და შემდეგ ხილი ვლადიკავკაზში ბულდოზერით გაანადგურეს.

რუსეთის ოფიციალური უწყებები აცხადებენ, რომ მანდარინი იმ ქვეყნიდან იყოს, რომლის მიმართაც რუსეთს საპასუხო სანქციები აქვს დაწესებული და შენიღბული იყო ქართულ პროდუქციად.

რუსული მედიის ცნობით, ასეთი სახის ტვირთი, ძირითადად ხილ-ბოსტნეული, ჩრდილოეთ ოსეთის საბაჟოს მანამდეც დაუკავებია, მაგრამ ასეთი დიდი პარტია – არასოდეს. ამავე დროს, თუ მანამდე ჩამორთმეულ პროდუქტს  საბითუმო ფასებში ყოდიდნენ, ამ შემთხვევაში ხილი გაანადგურეს.

20 ტონამდე მანდარინის განადგურებაზე  ჩრდილოეთ ოსეთის საბაჟოს მთავარმა მებაჟე-ინსპექტორმა რუსულ ტელეარხ „მირთან“ ინტერვიუში ისაუბრა. ოლეგ სამარსკიმ განაცხადა, რომ სამხრეთ ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის პროდუქცია შენიღბული იყო, როგორც ქართული.  “სამხრეთ ევროპის ქვეყანა” არ კონკრეტდება.

„გაჩნდა ეჭვი, რომ მანდარინი სანქცირებული პროდუქცია იყო. დაინიშნა საბაჟო ექსპერტიზა, რომლის შედეგად დადგინდა, რომ პროდუქცია არ იყო ის, რაც დეკლარაციაში იყო მითითებული. ხოლო მისი წარმომავლობა სამხრეთ ევროპის ქვეყნიდან იყო,“- განაცხადა ჩრდილოეთ ოსეთის მთავარმა მებაჟე-ინსტრუქტორმა.

მისი თქმით, დოკუმენტში მანდარინი მითითებული იყო როგორც ქართული პროდუქცია, ექსპერტიზამ კი დაადგინა, რომ ციტრუსი არა კავკასიური, არამედ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნიდან იყო.

გარდა ამისა საუბარია იმაზეც, რომ ხილის პარტიას არ ჰქონდა ფიტოსანიტარული კონტროლისა და იმპორტისათვის აუცილებელი სხვა საჭირო დოკუმენტებიც.

რუსეთმა ევროპის თითქმის ყველა ქვეყანას სასურსათო ემბარგო გასული წლის ივნისში ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ დაუწესა. 2015 წლის ნოემბერში რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ კი მოსკოვმა სანქციები თურქეთსაც დაუწესა.