“ხვალ, ბრიუსელი უვიზო მიმოსვლის ძალაში შესასვლელად საბოლოოდ, ოფიციალურად გამოაქვეყნებს შეთავაზებულ სამართლებრივ ინსტრუმენტს მხოლოდ საქართველოსთვის” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ზვიად კვაჭანტირაძე თავის ფეისბუქ გვერდზე წერს.
“მეგობრებო, როგორც ევროკავშირთან საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე, ვარ ძალიან ბედნიერი, რომ დღეს საშუალება მეძლევა, წინასწარ გაგიზიაროთ ახლახანს ბრიუსელიდან, ჩვენი მეგობარი ევროპარლამენტარებისგან მიღებული ძალიან სასიხარულო ინფორმაცია. ხვალ, ბრიუსელი უვიზო მიმოსვლის ეფექტურად ძალაში შესასვლელად საბოლოოდ, ოფიციალურად გამოაქვეყნებს შეთავაზებულ სამართლებრივ ინსტრუმენტს მხოლოდ საქართველოსთვის!!! ეს არის საბოლოო გადაწყვეტილება, ბოლო ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან, საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის შეთანხმების ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის ეფექტურად ძალაში შესაყვანად,“ – წერს კვაჭანტირაძე.
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბერძენიშვილმა, DFWatch-თან საუბრისას განაცხადა, რომ ხვალ, ევროკომისია, რომელსაც შენგენის ქვეყნებში საქართველოს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით დადებითი დასკვნა აქვს, ევროპარლამენტსა და ევროპის კავშირის საბჭოს ოფიციალურად მიმართავს, რომ საქართველომ უვიზო მიმოსვლის უფლება მიიღოს.
„ხვალ იქნება ოფიციალური მიმართვა, რაც ნიშნავს რომ საკითხი ტექნიკურ ნაწილში გადადის. პოლიტიკური გადაწყვეტილებები კი უკვე მიღებულია. ახლა ევროპარლამენტსა თუ ევრობის კავშირის საბჭოში კენჭისყრები იქნება და უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, სულ ბევრი, 3-4 თვე დასჭირდება,“ – თქვა ბერძენიშვილმა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.