petrosiani

(IPN)

“ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრმა და ახალქალაქის მაჟორიტარმა, სამველ პეტროსიანმა ევროსაბჭოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის “ზოგიერთი წარმომადგენლის” მიერ “ანტისომხური პროექტის” მხარდაჭერა გააპროტესტა.

აღნიშნული განცხადება პეტროსიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა და დეპუტატებს დაბალანსებული პოლიტიკისკენ მოუწოდა.

“დღეს საქართველო ყველა ქვეყანასთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნების პოლიტიკას აწარმოებს, განსაკუთრებით მეზობელ ქვეყნებთან, თუმცა 27 იანვარს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, საქართველოს დელეგაციის ზოგიერთმა წევრმა არაობიექტურობა, არაბალანსირებული მიდგომა გამოიჩინა და კენჭი ანტისომხურ პროექტს უყარა, რამაც ჩვენს საზოგადოებაში გაოგნება და სხვადასხვა სახის საუბრები გამოიწვია. მიუხედავად ცალკეული პოლიტიკოსების ანტისომხური პოზიციისა, დარწმუნებული ვარ, სომეხ და ქართველ ერს შორის ძმური ურთიერთობები მომავალში უფრო გაღრმავდება და განვითარდება”, – განაცხადა პეტროსიანმა.

დეპუტატს არ დაუკონკრეტებია რა პროექტზეა საუბარი, თუმცა იანვარში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიიღეს რეზოლუცია აზერბაიჯანსა და ყარაბაღს შორის სადავო წყლის რესურსებზე, რაც სომხეთში ანტისომხურ დოკუმენტად შეფასდა. რეზოლუციას მხარი საქართველოს დელეგაციიდან თედო ჯაფარიძემ, ირაკლი ჩიქოვანმა და გიორგი კანდელაკმა დაუჭირეს.

პეტროსიანს “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ უპასუხა. მისი თმით, საქმე პოპულისტურ განცხადებასთან გვაქვს:

“ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციამ, უმრავლესობის ნაწილს ვგულისხმობ, ჩაატარა მუშაობა და პოზიცია, რომელიც დაფიქსირდა, სამეზობლოში არანაირ დაძაბულობას და არანაირ დაპირისპირებას არ იწვევს და საერთოდ მოვეშვათ ამ პოპულისტურ განცხადებებს. რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მეტი იქნება ეს პოპულისტური განცხადებები, საქართველო ჩვენი საერთო ქვეყანაა, ქართველისაც, სომეხისაც, აზერბაიჯანელისაც და შევინარჩუნოთ სტაბილურობა ამ ქვეყანაში. მართლაც გაუარესდა ენერგო მომარაგების საკითხები, ამ თემას მუშაობა სჭირდება და არა ასეთი განცხადებების გაკეთება, თითქოს დაპირისპირება იქიდან მოდის, რომ უარესი აქვს ჩაფიქრებული, რომ გააუარესოს სიტუაცია.”

26 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე მიიღეს რეზოლუცია “აზერბაიჯანის სასაზღვრო რაიონების მცხოვრებთათვის წყლის მიწოდების წინასწარგანზრახული შეჩერება”. ამ რეზოლუციას მხარი 98-მა დეპუტატმა დაუჭურა, 71 –  მოწინააღმდეგე იყო და 40-მა – თავი შეიკავა. სომხეთში ეს დოკუმენტი ანტისომხურად მიიჩნიეს და გაკეთდა განცხადებები, რომ ფორმულირება მიკერძოებული იყო, რომელიც მხოლოდ აზერბაიჯანის პოზიციას ასახავდა.