DSC_1835

MFA

ეს არის 2008 წლის ოკუპაციის გაგრძელება, –  ეს იყო ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებების მთავარი გზავნილი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში  ე.წ. საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით.

2008 წლის აგვისტოს ომის კვალდაკვალ რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისა და იქ სამხედრო კონტინგენტის განთავსების შემდეგ, ე.წ. საზღვრის ხაზი პერიოდულად იწევა და მხოლო ერთი მიმართულებით – ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების სიღრმეში. ამჯერად  ოკუპაციის ზოლში ტრანსკავკასიური მაგისტრალიც მოექცა, რომელსაც „ბრიტიშ პეტროლეუმი“ მართავს.

10 ივლისს ე.წ. საზღვარი საოკუპაციო რეჟიმმა ხურვალეთში კიდევ 1 კილომეტრით გადმოწია და ბრითიშ პეტროლიუმის მილამდე 50 მეტრის მოშორებით ბანერი განათავსა. ე.წ. სასაზღვრო რეჟიმის მიხედვით კი ტერიტორია ბანერიდან 100 მეტრის რადიუსის ფარგლებში სასაზღვრო ზონად მიიჩნევა. შესაბამისად, მსხვილი ნავთობსადენი ოკუპანტმა საკუთარი გავლენის სფეროში მოიქცია.

დამატებით 10 ჰექტარის რუსეთის მიერ მითვისება განსაკუთრებით მოულოდნელი სოფლის მოსახლეობისთვის იყო, ვინაიდან ჯერ კიდევ გუშინ ისინი აქ მიწას ამუშავდნენ და მარცვლეული მოჰყავდათ.

მუშაობას ისინი ახლაც განაგრძობენ. ე.წ. მესაზღვრეებმა მათ ფართობზე შესვლის უფლება მოსავლის აღებამდე მისცეს.

გაცილებით დიდი პრობლემა კი BP-ის ნავთობსადენთან დაკავშირებით არსებობს, რადგან ამ მონაკვეთის დაცვა და გაკონტროლება შეუძლებელი ხდება იმ მიზეზის გამო, რომ რუსი სამხედროები მათ მიერ დაწესებულ საზღვართან ახლოს გავლის შემთხვევაში ადამიანებს აკავებენ.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ განთავსების შესახებ საქართველოს შს და საგარეო საქმეთა სამინისტორებმა განცხადება 11 ივლისსვე გაავრცრელეს.

შსს  ადასტურებს, რომ ამ უკანონო ქმედების შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა ბაქო-სუფსას ნავთობსადენის ნაწილი.

„მიმდინარე წლის 10 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. ,,საზღვრის” აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ იქნა აღმართული.

„მნიშვნელოვანია, რომ ორივე ტერიტორიის სიახლოვეს ბაქო-სუფსას მილსადენის გარკვეული სეგმენტები მდებარეობს და განხორციელებული უკანონო ქმედებით სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიზანმიმართულ პროვოკაციული ქმედების გამო, რომელიც მიმართულია სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ და საფრთხეს უქმნის ადგილზე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას,” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

საგანგებო განცხადება გაავრცელა საგარეო უწყებამაც.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. ჟურნალისტებთან საუბრისას კი სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ციხელაშვილმა თქვა, რომ ხელისუფლება რეაგირებისთვის საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს.

„ქვეყნის 20% ოკუპირებულია და 2 კილომეტრით მეტს გადმოწევენ საზღვარს თუ 20 მეტრით რუსები, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ იმავე ხაზის გაგრძელებაა, რაც ქვეყანაში დიდი ხანია ხდება ,“ – განაცხადა  თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა. „ სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომაც გვინდა გავხდეთ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი“.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს კიასტუტის იანკაუსკასს, ასევე საქართველოს ნავთობისა და გაზის  კორპორაციის და “ბრითიშ პეტროლეუმის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

“საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის და, ბუნებრივია, ჩემთვის, მიუღებელია სუვერენულ ქართულ მიწაზე გამყოფი ზოლის ყოველი ახალი მეტრი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთი გამყოფი ხაზი გადის სტრატეგიული ობიექტების მახლობლად. მაგრამ, მინდა ყველას შევახსენო, რომ ურთულეს ვითრებაში, საქართველოს ყველა ხელისუფლება ახერხებდა, პარტნიორებთან ახლო კოორდინაციის გზით, დაეძლია ეს სირთულეები და ასე იქნება მომავალშიც. ჩვენი ქვეყნის ფუნქცია, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, რომელსაც ჩვენ ასე ეფექტიანად ვავითარებთ, არ დაკნინდება, არამედ მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება,”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.