independence_day_tanks_children

დამოუკიდებლობის დღე, 2015 წელი (Dfwatch)

საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავის აღსანიშნავად, 26 მაისს თბილისში – თავისუფლების მოედანზე; კახეთში – იყალთოს მონასტრის ეზოში, სამეგრელოში – ნოქალაქევის ციხე სიმაგრეში, სამცხე-ჯავახეთში – ვარძიის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმერეთში – ქუთაისის თეატრის წინ და აჭარაში – ბათუმის ბულვარში,  წვევამდელთა სამხედრო ფიცის დადების ცერემონია გაიმართება.

როგორც DFWatch-ს მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, წელს პირველი შემთხვევაა, როდესაც ფიცის დადება თბილისის გარდა სხვა ადგილებშიც მოხდება.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ფიცის დადების ცერემონიალი  წელს პირველად, საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელ ორკესტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებს  დიდი ბრიტანეთის საპარშუტო-სადესანტო პოლკის, ლატვიის შეიარაღებული ძალების ეროვნული და აშშ-ის საჰაერო ძალების ორკესტრები,  12:00 სთ-ზე დაიწყება და პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

გარდა ამისა, თავისუფლების მოედანზე სახელმწიფო დროშებით  4 ვერტმფრენი გადაიფრენს. შესრულდება სახელმწიფო ჰიმნი ბავშვების გუნდის მიერ. ხოლო, ფიცის დადების შემდეგ ანსამბლი „სუხიშვილები“ „ხორუმს“ იცეკვებს.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში DFWatch-ს უთხრეს,  ხუთშაბათს სამხედრო აღლუმი არ გაიმართება, და მის ნაცვლად თავისუფლების მოედანზე სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყობა.

მოქალაქეებს 11 მაისს საზეიმოდ გახსნილ  ქართულ-ამერიკულ სამხედრო წვრთნებში „ღირსეული პარტნიორი 2016“  ჩართული სამხედრო ტექნიკის დათვალიერებაც შეეძლებათ.

სამხედრო ტექნიკა გამოიფინება, ასევე,  თელავში, მარნეულში, მცხეთაში, გორში, ახალციხეში, ფოთში, ზუგდიდში,  ბათუმსა  და  რუსთავშიც, სადაც ამ გამოფენის პარალელურად, მოსახლეობას ბრიტანელი სამხედროების ავიაშოუს ნახვის შესაძლებლობაც ექნება.

აღსანიშნავია, რომ 26 მაისს თბილისში მყოფი მოქალაქეები ევროპის დედაქალაქებს ლაივსტრიმით დაუკავშირდებიან. კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ცისფერი გალერეის წინამდებარე ტერიტორიაზე  სპეციალურად დამზადებული, საქართველო-ევროკავშირის ფერებში შესაბამისი თემატიკით  ბრენდირებული კონსტრუქცია – გადახურული მონიტორი დაიდგმება, საიდანაც 11 საათიდან 19 საათამდე ლაივსტრიმის მეშვეობით ევროპის სხვადასხვა დედაქალაქიდან ღონისძიებაზე მყოფ მოქალაქეებს გაესაუბრებიან.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გასაუბრების წინ ეკრანიდან თითოეულ მოქალაქეს პატარა სახალისო ტესტი ჩაუტარდება, რომლის მიხედვითაც გავარკვევთ, თუ რომელი ქვეყანა შეეფერება მათ სამოგზაუროდ. ამის შემდეგ ჩაირთვება ლაივსტრიმი, სადაც ტესტის შედეგიდან შერჩეული ქვეყნიდან მიესალმებიან. საუბრის თემა მთლიანად ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას შეეხება.

ფიცის დადების ცერემოანიალის გარდა, 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დილის 11 საათიდან  ყვავილების ფესტივალი მოეწყობა. 13:00 საათზე, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, პროექტ „დროის ამბავის“ ფარგლებში (რაც ერთგვარი ვირტუალური ხიდია წარსულსა და მომავალს შორის, რომელიც ე.წ. დროის კაფსულით მომავალში შეტყობინების გაგზავნას გულისხმობს),  ე.წ. დროის კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართება, რომელიც 25 წლის შემდეგ გაიხსნება.

რუსთაველის გამზირზე მისულ ადამიანებს ასევე შეეძლებათ ნახონ: მოძრაობის თეატრის წარმოდგენა, პანტომიმის თეატრის მსვლელობა/ცოცხალი ქანდაკებები;  გაიმართება ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, დეგუსტაცია; ახალგაზრდული მუსიკალური ბენდების კონცერტები; ელექტრონული მუსიკის დღე – Gio Shengelia, COBERT, Sumo, Zurkin;  სპორტული ღონისძიებები – ხრიდოლი, შავფაროსნები, გრეხეთბოლი, ჭადრაკი ქუჩაზე, ნარდი, მეკლდეურობა, მკლავჭიდი, ჭიდაობა, მხატვრული ტანვარჯიში, აღმოსავლური ორთაბრძოლები, ქუჩის კალათბურთი და ა.შ.

ბოლოს კი, ღონისძიებების დასასრულს, პარლამენტის შენობის წინ 20:00 საათზე,  გალა კონცერტი და საზეიმო ფეიერვერკიც გაიმართება.

ამ ღონისძიებების გამო, 25-დან  27 მაისის ჩათვლით, თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და კოსტავას ქუჩაზე (ფილარმონიამდე)ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.  ტრანსპორტი ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით  კოსტავას ქუჩა (ფილარმონია) – გმირთა მოედანი – მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით იმოძრავებს. ასევე, ბარათაშვილის ქუჩიდან ვაკე-საბურთალოსკენ ტრანსპორტის მოძრაობა დასაშვები იქნება მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გმირთა მოედნის მეშვეობით.

გარდა ამისა, შს სამინისტროს ცნობით, ოთხშაბათიდან 27 მაისს 12:00 საათამდე, ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდა ასევე რუსთაველის გამზირის მკვეთ ყველა ქუჩაზე: ალ. ჭავჭავაძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, ლესია უკრაინკას, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძის, უსახელოს, ჯორჯაძის, ჭანტურიას და მესხიას ქუჩებზე.

უწყების განცხადებით, ავტომანქანები  შემოვლითი გზით – თაბუკაშვილისა და ჭონქაძის ქუჩებზე მოძრაობენ.

შეგახსენებთ, რომ 1918 წლის 26 მაისს თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ რუსეთის იმპერიის გამოყოფის გადაწყვეტილება და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. თუმცა, 3 წლის შემდეგ, 1921 წლის 25 თებერვალს თბილისი უკვე ბოლშევიკური რუსეთის ჯარმა დაიკავა და საქართველოს დამოუკიდებლობა გააუქმა.

საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადა. თუმცა ეროვნულ დღესასწაულად 1918  წლის 26 მაისი აღინიშნება.