aleksandria

გოჩა ალექსანდრია (“რადიო თავისუფლება”)

დასაქმების საკითხს, ისევ როგორც ყოველი არჩევნების წინ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვისაც პარტიების პროგრამებსა თუ დაპირებებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ადგილი ეკავა. პარტიები მოსახლეობისათვის ამ საკმაოდ მტკივნეული პრობლემის მოგვარების შესახებ პირობას თამამად დებენ, თუმცა მას არგუმენტებით ნაკლებად ამყარებენ.

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგოლე გოჩა ალექსანდრიამ პოლიტიკური პარტიების საარჩევნი პროგრამები შეისწავლა და აცხადებს, რომ დასაქმებაზე გაცემული დაპირებების უდიდესი ნაწილი არარეალისტურია.

კვლევა, რომელიც გერმანიის ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა,  რამდენიმე ნაწილისაგან შედგებოდა. პირველ რიგში ის პარტიების სოციალურ პოლიტიკას მოიცავდა, რომელიც  ძირითადად მაინც ჯანდაცვას, სიღარიბისგან ადამიანების დაცვას და სამუშაო ადგილებზე შრომითი უფლებების დაცვას ეხება, რაშიც შრომითი უსაფრთხოებაც მოიაზრება.

ალექსანდრია ამბობს, რომ ეს საკითხები რამდენიმე საერთაშორისო დოკუმენტში მკაფიოდ არის გაწერილი და საქართველოს ამ დკუმენტების ფარგლებში ვალდებულებები აქვს აღებული. ამიტომ, პოლიტიკური პარტიებისგან  ელოდა,  რომ ამ საკითხს სერიოზულად მიუდგებოდნენ. თუმცა პარტიებმა აქცენტი უფრო მოკლევადიან, მაგრამ აქტუალურ თემებზე გააკეთეს.

„ასეთი ხედვა მოკლე ვადაზეა გათვლილი -ახლა, ამ წუთას დააკმაყოფილონ ამომრჩევლის მოთხოვნები და აირჩიონ. საარჩევნო პროგრამების მთავარი პრობლემა ესაა. თუმცა, რამდენიმე პარტიას აქვს მცდელობა, რომ ყველაფერს გრძელვადიანად შეხედოს. მაგალითად რესპუბლიკურ პარტიას. მას გრძელვადიანი გათვლებიც აქვს,“ – ამბობს ალექსანდრია.

თვალშისაცემია, რომ დასაქმებაზე თითოეული პარტიის პროგრამაში ძალიან დიდი აქცენტი კეთდება. როგორც ალექსანდრია ამბობს, ყველამ იცის, რომ ბოლო წლების სოციოლოგიური კვლევები ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობაა. ამას კი სიღარიბე მოსდევს.

პარტიებმაც ჩათვალეს, რომ ეს ორი პრობლემა საარჩევნი ციკლში მათი მთავარი „დროშა“ უნდა იყოს. შესაბამისად, ისინი პროგრამებში გადამეტებულ მოლოდინს ქმნიან, ოღონდ ამომრჩევლები მიიზიდონ, რითაც სერიოზულ შეცდომას უშვებენ.

უფრო კონკრეტულად, ყველა პარტია ამომრჩეველს 120-დან 200 ათასამდე ახალ სამუშაო ადგილს ჰპირდება. როგორც გოჩა ალექსანდრია ამბობს, ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს არსებული 12%-იანი უმუშევრობა ან განახევრდება ან, უკეთეს შემთხვევაში, 2,5%-მდე ჩამოვა (ასე გეგმავს, მაგალითად, „ქართული ოცნება“). დარწმუნებულია, რომ ეს არარეალისტურია და მკითხველს პროგრამების მიმართ უნდობლობას უჩენს.

მეორეს მრხრივ, ალექსანდრიას თქმით, თვალში გვხდება სიღარიბესთან ბრძოლის კუთხით პარტიების დაპირებები. ამის მექანიზმი კი, პოლიტიკოსების  აზრით, მინიმალური ხელფასის, პენსიისა და სოციალური შემწეობის  გაზრდაა. ამბობს, რომ პარტიებს შორის ერთგვარი შეჯიბრია, ვინ უფრო დიდ რიცხვს დაასახელებს ამ სამი მიმართულებით, თუმცა ამის უკან სანდო ეკონომიკური დასაბუთება თითქმის არ გვხდება.

„მაგალითად, მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით საკმაოდ ცუდი სიტუაციაა შექმნილი. პარტიები ერთმანეთს მართლაც რომ ეჯიბრებიან. ვიღაც ამბობს, რომ მინიმალური ხელფასი 300 ლარი იქნება, ვიღაც ამბობს – 500-ს და ა.შ. ამ დროს, ისიც კი არაა ნათქვამი თუ როდიდან იქნება 500 ლარი – არჩევნების მეორე დღიდანვე, 1 წელიწადში თუ ესაა მიზანი 2020 წლისათვის?

„ესაა სატყუარა ამომრჩევლისთვის, რადგან ადამიანი ყოველთვის უფრო უკეთეს სცენარს წარმოიდგენს ხოლმე. ამით პარტიები სარგებლობენ და როცა მინიმალური ხელფასის 500 ლარამდე გაზრდის პირობას დებენ, ხალხი მიიჩნევს, რომ ეს არჩევნების მეორე დღესვე იქნება, თავად პარტიები კი ალბათ ფიქრობენ, რომ ამას  2020 წელს მიაღწიონ. როცა აირჩევენ, მერე იტყვიან, რომ მათ მეორე დღიდანვე გაზრდის პირობა არსად დაუდიათ,“ – აცხადებს იგი.

აქვე დასძენს, რომ იგივეს თქმა შეიძლება სამუშაო ადგილებზეც – არავინ იცის, ეს 200 ათასი ახალი ადგილი მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჯამში შეიქმნება თუ 2020 წელს 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილით შევხდებით. არაა გაწერილი თუ როგორ შეიქმნება ეს ადგილები და რაც მთავარია, როგორ შენარჩუნდება.

გარდა ამისა, ალექსანდრიას თქმით, რატომღაც პარტიებს მიაჩნიათ, რომ უმუშევრობის შემცირება ავტომატურად სიღარიბის შემცირებასაც ნიშნავს. აცხადებს, რომ ეს ასე სულაც არაა, რადგან ქვეყანაში ახლაც უამრავი მომუშავე ღარიბი გვყავს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ, დააახლოებით, 40 ათასი ადამიანი საქართველოში 100 ლარზე ნაკლებ ხელფასს იღებს. აქ ოფიციალურად დასაქმებული ადამიანები იგულისმებიან და არა ისინი, ვინც ბაზრობებზე, ან ტაქსის მძღოლებად არაოფიციალურად მუშაობენ.

„ანუ, ჩვენ გვყავს დასაქმებული ღარიბების ფენა, რომლებიც მუშაობენ და ამავდროულად შემწეობასაც  იღებენ. შესაბამისად, დასაქმების გაზრდა ავტომატურად სიღარიბის შემცირებას არ ნიშნავს და ჩვენი კვლევით აქცენტს სწორედ ამაზე ვაკეთებთ. დასაქმება ღირსეულ პირობებში  უნდა იყოს. ეს ნიშნავს ანაზღაურებას, რომელიც ადამიანის არსებობას ყოფნის და ასევე, დისკრიმინაციისაგან თავისუფალ გარემოს.

„ღირსეული დასაქმება არის მთელი კონცეფცია, რომელზეც ნორმალურ ქვეყნებში დასაქმების პოლიტიკაა აგებული. ამიტომაც ვაკრიტიკებთ ჩვენ კვლევაში პარტიებს, რომ მათ არ აქვთ ხედვა  იმაზე, თუ რა არის ღირსეული დასაქმება,“ – აცხადებს გოჩა ალექსანდრია.