სოხუმის რეჟმის განცხადებით, „აფხაზური პასპორტები“ უკვე მიიღო „რესპუბლიკის“ მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა, დაახლოებით 105 000-მა ადამიანმა. ამის შესახებ “პრეზიდენტმა” რაულ ხაჯიმბამ 25 დეკემბერს, 2018 წლის წლის შემაჯამებელი პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
სოხუმის რეჟიმის მეთაურმა აღნიშნა, რომ მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი „წინასაარჩევნო კამპანიის წინ“ მიიღებს ახალ პასპორტს. დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები კი აფხაზეთში 2019 წლის აგვისტოს ბოლოს უნდა გაიმართოს.
ამასთან, ხაჯიმბამ აღიარა, რომ არსებობს შემთხვევები, როდესაც „აფხაზეთის მოქალაქეებს“ დოკუმენტის გაცემაზე უსაფუძვლოდ ეუბნებიან უარს და ამის მაგალითად მოიყვანა ის, რომ „აფხაზეთის გმირს“ ალბერტ ტოპოლიანს პასპორტის მისაღებად სირთულეები შეხვდა.
„ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ პროცესი მიდის”, – აღნიშნა ხაჯიმბამ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, აფხაზეთში დაახლოებით 140 ათას ადამიანს აქვს აღებული „აფხაზური პასპორტი“. 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ძველი „აფხაზური პასპორტები“ უკვე ძალადაკარგულად ჩაითვლება.
პასპორტების ცვლილების გამო სოხუმის რეჟიმმა დიდი პრობლემები შეუქმნა გალში მცხოვრებ ქართველებს. სოხუმის რეჟიმს გაცხადებული აქვს, რომ იმ ქართველებს, ვისაც საქართველოს მოქალაქეობა აქვს, „აფხაზური პასპორტები“ არ უნდა მიეცეთ, გალში მცხოვრებ ყველა ქართველს კი ქართული პირადობა აქვს, რის გამოც მათ ახალ პასპორტს არ აძლევენ. რაიმე აფხაზური დოკუმენტი კი ქართველებს აუცილებლად სჭირდებათ, რადგან საბუთის გარეშე ენგურის ხიდზე მიმოსვლა შეუძლებელია. დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქართველებისთვის ნებადართულია მხოლოდ ე.წ. ბინადრობის ნებართვის დოკუმენტის გაცემა, რისი მიღებაც ასევე დიდი ჩაწყობით და 500 ლარამდე ქრთამის გადახდის შემდეგ ხდება.
ოკუპირებულ აფხაზეთის ე.წ. სტატისტიკის თანახმად, აფხაზეთში 2016 წლის მონაცემებით 243 564 ადამიანი ცხოვრობს. მათ შორის აფხაზია – 124 455, ქართველი – 46 773, სომეხი – 41 875, რუსი – 22 320, ბერძენი – 1351, სხვა ეთნიკური ჯგუფები – 1761.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.