აპარატი, რომლითაც წუთში 8-9 ხინკლის მოხვევაა შესაძლებელი, თბილისელმა, წარმოშობით მოხევე მამა-შვილმა ომარ და ლადო მარსაგიშვილებმა გამოიგონეს. ლადო მარსაგიშვილი DFWatch-თან ამბობს, რომ ამ აპარატის შექმნას დიდი დრო დაჭირდა, რამდენიმე წელი. პატარა, პორტატულ აპარატზე მუშაობა, დაახლოებით, 5-6 წლის წინ დაასრულეს და იმავე პერიოდში, ეს აპარატი ქართულ გამოგონებებს შორის გამარჯვებულიც გახდა.
მისივე ცნობით, ხინკლის მოსახვევი აპარატი დაპატენტებულია და საკმაოდ წარმატებით იყიდება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. გამოგონების ყიდვა ამ დროისთვის, 1800 დოლარად არის შესაძლებელი, თუმცა, მარსაგიშვილის თქმით, ახლო მომავალში წარმოების გაფართოებას გეგმავს და შესაძლებელია, აპარატის საფასურიც შეამციროს.
თუ როგორ მუშაობს აპარატი შეგიძლიათ ამ ვიდეოში იხილოთ :
როგორც მარსაგიშვილმა DFWatch-თან საუბრისას აღნიშნა, ძირითადად ისეთ აპარატებს ამზადებს, რომლებიც 16 ნაოჭიან ხინკალს ახვევს, რადგან ის უფრო ლამაზი და უკეთესი ფორმის გამოდის. თუმცა, როგორც თქვა, მოთხოვნის შემთხვევაში საუკეთესოდ აღიარებული – 19-ნაოჭიანი – ხინკლის დასამზადებელი აპარატიც გაუკეთებია.
ზუსტად იმის თქმა, კონკრეტულად რომელ მხარეში წარმოიშვა ხინკალი, ახლა რთულია. ამიტომაა, რომ ხინკლის წარმომავლობაზე კამათი – მთიულებს, მოხევეებს, ხევსურებს, ფშავლებსა და თუშებს შორის, დღესაც გრძელდება.
მთაში განსაკუთრებით ცხვრის ხორცისგან ან შერეული – ძროხისა და ცხვრის ხორცისგან გაკეთებული ხინკალი უყვართ. თუმცა, ძველად, ხევსურები უპირატესობას ნანადირევი ჯიხვის ან არჩვის ხორცით დამზადებულ ხინკალს ანიჭებდნენ. ცხვრისა და ძროხის ხინკალს კი ძირითადად დღეობებში აკეთებდნენ, რადგან საკლავი სწორედ მაშინ იკვლებოდა.
აღსანიშნავია, რომ მთასა და ბარში (ქალაქში) ხინკლის დამზადების წესიც განსხვავებულია. წარსულში მთაში ძირითადად დაკეპილი ხორცით გაკეთებული ხინკალი მზადდებოდა. ეს ტრადიცია მეცხვარეებისაგან მოდის, რომლებსაც ხორცის საკეპი მანქანები თან არ ჰქონდათ და ხინკლისთვის ხორცს, ხახვს, მწვანილს ხანჯლით ან ცულით კეპავდნენ. ეს წესი მთასა და ადგილობრივ მოსახლეობაში დღემდე შემორჩენილია.
დაკეპილი ხორცით გაკეთებული ხინკალი ზომითაც უფრო დიდი გამოდის და შესაბამისად, ნაოჭებიც უფრო მეტი აქვს. ხინკლის ხარისხი კი სწორედ ნაოჭების მიხედვით განისაზღვრება. ძველათ, მთაში საუკეთესო ხინკლად 25 ნაოჭიანი ხინკალი ითვლებოდა, თუმცა ახლა ამ ზომის ხინკალი ნაკლებად კეთდება და საუკეთესო ხინკლად 19 ნაოჭიანი ითვლება.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.