samnidze

ხათუნა სამნიძის თქმით, “რესპუბლიკური პარტია” არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას (ipn)

რესპუბლიკური პარტია საპარლამენტო არჩევნებზე მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს, „რესპუბლიკელი“ მინისტრები კი თანამდებობებს დატოვებენ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების გამო. ეს განცხადება პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ 12 საათზე პარტიის ოფისში საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

„ჩვენი გადაწყვეტილება პარტია „ქართულ ოცნებასაც“ აძლევს საშუალებას, ზედმეტი უხერხულობების გარეშე დაადგეს იმ პოლიტიკურ გზას, რომელიც დასახული აქვს,“ – ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც პარტია არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის გადაწყვეტილების საკითხთან დაკავშირებით ავრცელებს.

ამასთან, როგორც პარტია განმარტავს, ამით ყველა ერთად დაასრულებს „უკიდურესად დამაზარალებელ და მოსაბეზრებელ საჯარო სპეკულაციებს შიდაკოალიციურ საკითხებზე”.

რესპუბლიკირი პარტიის მხრიდან საარჩევნოდ კოალიცია „ქართული ოცნებიდან“  გასვლასა და ცალკე კენჭისყრაზე საუბარი ორშაბათს მას შემდეგ დაიწყო, რაც თავად პარტიის ლიდერების მხრიდან ბუნდოვანი განცხადებები გაკეთდა იმაზე, რომ გასულ შაბათ-კვირას,  26–27 მარტს რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის სხდომა ჩატარდა, კომიტეტმა იმსჯელა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ფორმაზე, გადაწყვეტილებაც მიღებულია, თუმცა რა გადაწყვეტილება იყო მიღებული, ამაზე განცხადებებს რამდენიმე დღეში გააკეთებდნენ.

ხათუნა სამნიძის განცხადებით, „ დღეიდან გადადის საპარლამენტო არჩევნებისთვის ინდივიდუალური მზადების რეჟიმში“.

მისი თქმით, რესპუბლიკური პარტია საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება ინდივიდუალურ რეჟიმში. ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს  კოალიციიდან დაუყოვნებლივ გასვლას,  საპარლამენტო უმრავლესობიდან, მთავრობიდან და საკრებულოებში უმრავლესობებიდან. ჩვენ ამ საკითხებს ინდივიდუალურად გადავწყვეტთ შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:

„სამთავრობო თანამდებობებს დავტოვებთ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების გამო და არავითარ შემთხვევაში – ოკუპანტი ქვეყნის, ადგილობრივი სტალინელების, ანტი-ნატოელებისა და ვიდეო-შანტაჟისტების კოორდინირებული თუ დამთხვეული ულტიმატუმების ფონზე;

„ჩვენი შემდგომი მოქმედებები დამოკიდებული იქნება პარტია „ქართული ოცნების“ დაანონსებულ განახლებაზეც, მაგრამ ჩვენი თანამშრომლობა ნამდვილად ვერ იქნება შესაძლებელი, თუ პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრა თავისუფალ რეჟიმში მოქმედი ინდივიდების საჯარო განცხადებებით გაგრძელდება;

„შევეცდებით, ჩვენი ნაბიჯების გამო არ გაჩნდეს კითხვები ქვეყნის სტაბილურობისა და ხელისუფლების კურსთან დაკავშირებით“.

გარდა ამისა, განცხადებაში ნათქვამია, რომ „რესპუბლიკელი“ მინისტრები მთავრობაში ყოფნის პერიოდში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გააგრძელებენ პარლამენტის მიერ დამტკიცებული სამთავრობო პროგრამის შესრულებას. ამავე პერიოდში პარლამენტში ვითარება პირიქით იქნება – ფრაქცია „რესპუბლიკელები“ იხელმძღვანელებს პარტიული პოლიტიკური პრიორიტეტებით, გარდა უმრავლესობის ფორმატში წინასწარ შეთანხმებული საკითხებისა.