რადიკალი მართლმადიდებელი აქტივისტების ჯგუფმა საქართველოში ევანგელისტური იმედის ფესტივალის ჩატარება გააპროტესტა და ხალხს მოუწოდა, ამ ღონისძიებას არ დაესწრონ.
სასულიერო პირები და მათი მხარდამჭერები დიდუბის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, სადაც ფესტივალი იმართება. აქ მათ უკიდურესი რადიკალიზმით ცნობილი გიორგი გაბედავა შეუერთდა, რომელიც თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატია.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ამტკიცებდნენ, რომ ამგვარ შეკრებებზე მორწმუნე მართლმადიდებლების დასწრება დაუშვებელია.
ისინი იმედის ფესტივალის ორგანიზატორებს ხალხის მოტყუებაში სდებდნენ ბრალს, ამბობდნენ, თითქოს ღონისძიება მუსიკალურ ფესტივალად იყო დაანონსებული, თუმცა სინამდვილეში ბაპტისტურ-ევანგელისტურ შეკრებას წარმოადგენდა.
აქციის მონაწილეებს დიდი პლაკატები ჰქონდათ გამოფენილი და ხალხს სთხოვდნენ, ევანგელისტურ შეკრებაზე არ შესულიყვნენ.
რამდენიმე მღვდელი შესასვლელთან იდგა და დამსწრეებს სათითაოდ მიმართავდა. ზოგჯერ ასეთი ფრაზებითაც: „რამდენი გადაგიხადეს? სული ფულზე არ გაყიდო.“ „იცი, სად მიდიხარ? ისინი იტყუებიან.“ „ბავშვი მაინც არ შეიყვანო…“
ეს მოწოდებები მეტწილად უპასუხოდ დარჩა, რადგან, როგორც ჩანს, დამსწრეებმა კარგად იცოდნენ, რა სახის ღონისძიებაზე მიდიოდნენ.
იმედის ფესტივალი დიდი ხნით ადრე იყო დაანონსებული და თავიდან მისი გამართვა სპორტის სასახლეში იგეგმებოდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ სასახლის დირექტორმა ორგანიზატორებს წერილი გაუგზავნა, სადაც წერდა, რომ ტექნიკური მიზეზის, კერძოდ ფოიეში მომხდარი ხანძრის გამო, მათ ამ ღონისძიების მასპინძლობა არ შეეძლოთ.
ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ ხანძარი მხოლოდ საბაბი იყო და არა რეალური მიზეზი.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.