„პოლიტიკური ნება, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო, ფარული ჩანაწერების საქმე გამოიძიონ, ქვეყანაში არ არის,“ – აღნიშნა პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ, 11 და 14 მარტს პოლიტიკოსების პირადი, ინტიმური ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების ინტერნეტში გავრცელების ფაქტებზე გამართულ დისკუსიაზე.
მისი თქმით, სახელმწიფო მოხელემ, რომელიც უკანონო ჩანაწერებით შანტაჟს ექვემდებარება და ამის გამო შეიძლება სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედოს, თანამდებობა უნდა დატოვოს.
„თუ ვუშვებთ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ათასობით ფარული ჩანაწერი არსებობს, დავუშვათ ისიც, რომ შესაძლოა, სახელმწიფო მოხელეს დაურეკონ და კომპრომატის არსებობის გამო სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედება მოსთხოვონ. ამ შემთხვევაში თუ ადამიანს არ აქვს ძალა (ამას შეეწინააღმდეგოს), მაშინ, ვფიქრობ, ასეთი ადამიანი უნდა წავიდეს.
„უკვე რამდენი წელია სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკოსები ამ პრობლემაზე საუბრობენ. სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები განცხადებებს აკეთებენ, მაგრამ ამ დრომდე ვერ მოვახერხეთ ისეთი ღონისძიებების განხორციელება, რაც ამ თემას საბოლოოდ დაასრულებდა. იმის გამოძიება, თუ ვინ იდგა ამ ჩანაწერების უკან, რთული არაა, მაგრამ ამის ნებას ვერც მაშინ და ვერც ახლა, ვერ ვხედავთ,“ – თქვა კოჟორიძემ.
DF Watch-ის ორგანიზებით პარასკევს, ფრონტლაინ კლუბში, 11 და 14 მარტს პოლიტიკოსი ქალების პირადი ინტიმური ცხოვრების ფარული მიყურადებით გადაღებული ვიდეოჩანაწერების გავრცელებაზე, მის მიზეზებსა და შედეგებზე, ასევე გენდერულ ასპექტებზე – საჯარო დისკუსია გაიმართა.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ – ლაშა ტუღუში, გაზეთ „რეზონანსისა“ და DF Watch-ის მთავარი რედაქტორი, სოფო ვერძეული, ა/ო „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი და კახა კოჟორიძე, პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.