მოსკოვში ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი და „კანონიერი ქურდი“ შაქრო კალაშოვი დააკავეს. რუსული მედიის ცნობით, კალაშოვი 2015 წლის დეკემბერში ორი ადამიანის მკვლელობასთან კავშირში და რესტორნის მფლობელისგან დიდძალი თანხის გამოძალვაშია ეჭვმიტანილი.
წარმოშობით თბილისელი ზაქარია “შაქრო მოლოდოი” კალაშოვი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა ორშაბათს ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს და უკვე როგორც ეჭვმიტანილი დაკითხეს. ინფორმაცის რუსული საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსი” ავრცელებს.
არაერთხელ გასამართლებული კალაშოვი 2008 წელს ესპანეთში იყო დაკავებული ფულის გათეთრების ბრალდებით. საქართველო მის გადმოცემას ითხოვდა, რადგანაც მას აქ მკვლელობის ბრალდებით დაუსწრებლად 18 წელი აქვს მისჯილი. ესპანეთში გათავისუფლების შემდეგ კალაშოვი რუსეთში დაბრუნდა. ის მოსკოვში 2014 წლის ოქტომბრიდან ცხოვრობს, სადაც კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი ლიდერი გახდა. უცნობია, ამჯერად მაინც გადმოსცემენ თუ არა საქართველოს კალაშოვს. (მოსკოვში 2014 წელს კალაშოვის დაკავების ვიდეო).
„კანონიერი ქურდი“ ნიშნავს კრიმინალურ სამყაროში ავტორიტეტულ პირს, რომელიც დაუწერელი კრიმინალური კანონების, ქცევისა და ტრადიციების მიმდევარია. ტერმინი და ტრადიცია 1930-იან წლებში საბჭოთა კავშირში ჩამოყალიბდა.
“ინტერფაქსის” ინფორმაციით, კალაშოვმა რესტორან „ელემენტის“ მფლობელს დიდი რაოდენობით ფული გამოსძალა, რის გამოც 2015 წლის 14 დეკემბერს, რესტორნის ტერიტორიაზე ორი დაჯგუფება ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღით დაუპირისპირდა. შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, შვიდი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სს საქმე აღძრულია მკვლელობისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით. გამოძიების ფარგლებში დაკავებულია 3 ადამიანი.
საქართველოს კანონმდებლობით ქურდული სამყაროს წევრობა ან კანონიერი ქურდობა დასჯადია. საქართველოს სს კოდექსს 223/1 მუხლი 2006 წლის 28 აპრილს დაემატა, რომლის თანახმად ქურდული სამყაროს წევრობა 5-დან 8-წლამდე, ხოლო კანონიერი ქურდობა 7-დან 10-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, რასაც შესაძლოა ჯარიმაც დაემატოს. აღსანიშნავია, რომ კანონიერი ქურდობის დადასტურება პოლიციისთვის არც თუ რთული საქმეა, რადგან კრიმინალური სამყაროს დაუწერელი კანონით “ქურდი” ვალდებულია ხმამაღლა დაადასტუროს თავის სტატუსი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას ავტომატურად კარგავს. (შსს-ს ვიდეოზე აღბეჭდილია თბილისის აეროპორტში ერთ-ერთი “კანონიერი ქურდის” დაკავება)
ამის გამო ე.წ. კანონიერმა ქურდებმა საქართველო დატოვეს და კრიმინალური საქმიანობისთვის სხვა ქვეყნებს შეაფარეს თავის. ძირითადად კი რუსეთს, უკრაინას, ესპანეთსა და საბერძნეთს.
2016 წლის 19 იანვარს აეროპორტში დააკავეს ე.წ. კანონიერი ქურდი ვალიკო მჟავია, მეტსახელად ვალო;
30 იანვარს თბილისის აეროპორტში დააკავეს 2015 წლის დეკემბერში მოლდოვის რესპუბლიკაში დაკავებული და 30 იანვარს დეპორტირებული მინდია გორაძე, მეტსახელად „ლავას ოღლი“;
24 მარტს აეროპორტში დააკავეს ლევან მარღია;
19 მარტს რუსეთიდან დეპორტაციის შემდეგ აეროპორტში დააკავეს – ბაჩუკი ფაჩულია, მეტსახელად “ბაჩუკი ფოთსკი”;
3 ივნისს ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე დააკავეს პლატონ მამარდაშვილი;
22 ივნისს სომხეთის საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს დავით გერლიანი, მეტსახელად “სვანი”, რომელიც უკრაინიდან 18 ივნისს გამოაძევეს.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით სისტემაში 223-ე პრიმა მუხლით (კანონიერი ქურდობა ან ქურდული სამყაროს წევრობა) 73 პატიმარია, აქიდან 66-ს უკვე მისჯილი აქვს, 7 კი – ჯერ ბრალდებულია. გადრა ამისა, ამ 73-დან 48-ს სხვა დანაშაულშიც ედება ბრალი.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2013 წელს საქართველოს ციხეებში პატიმართა ნაწილი ითხოვდა 223/1 მუხლის გაუქმებას და ამ მოთხოვნით რამდენიმემ შიმშილობაც კი დაიწყო.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.