„საქართველოში ყველაზე მეტად უმრავლესობის უფლებები იზღუდება, შიშით ვერაფერი უთქვამს უმრავლესობას, ყველაფერს ფობიას ეძახიან,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, თამაზ მეჭიაურმა სამშაბათს ჟურნალისტებთან ადიგენში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.
“საქართველოში ყველაზე მეტად უმრავლესობის უფლებები იზღუდება, ანუ უმრავლესობის – ტრადიციული სექსუალური ორიენტაციის ხალხის. შიშით ვერაფერი უთქვამს უმრავლესობას, ყველაფერს ფობიას ეძახიან. მართლმადიდებლების უფლებებიც იზღუდება, რადგან მთელი რიგი მცირერიცხოვანი რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები რიგ შემთხვევებში მთავრობას ძალიან მკვეთრად აკრიტიკებენ, რასაც არასოდეს არ აკეთებს მართლმადიდებელი ეკლესია, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც რაღაც პოზიციებს არ ეთანხმება. ასე რომ, ჩემი აზრით, გაცილებით მეტი უფლებებით სარგებლობენ უმცირესობები, ვიდრე უმრავლესობა. ხელოვნურად წარმოქმნილი კონფლიქტებია არარსებულ თემებზე”, – განაცხადა მეჭიაურმა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ადიგენში, მუსლიმ და ქრისტიან თემს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე მუსლიმმა მსუბუქი დაზიანება მიიღო. დაპირისპირება რელიგიის სააგენტოს რეკომენდაციამ გამოიწვია, რომლის თანახმადაც, თვითმმართველობამ მუსლიმების სასაფლაოსთვის სოფელში ადგილი უნდა გამოყოს.
მუსლიმებმა ადიგენში სასაფლაოებისთვის ტერიტორიის გამოყოფაზა ადგილობრივ თვითმმართველობას მას შემდეგ მიმართა, რაც სოფელში მუსლიმი გარდაიცვალა და ოჯახმა მისი დაკრძალვა ქრისტიანულ სასაფლაოზე არ ისურვა. თვითმმართველობამ კი ეს მიმართვა რელიგიის სააგენტოში გადააგზავნა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.