ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე აცხადებს, რომ წელს საქართველოში გასულ წელთან შედარებით მილიარდი დოლარით ნაკლები შემოვა და ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნვესაყოფად, ისევე როგორც ლარის კურსის განსამტკიცებლად, მთავრობამ სახელმწიფო აპარატის შენახვის ხარჯი ხარჯების მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს.
“მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ გვაქვს უფრო დიდი, მდიდარი სახელმწიფო აპარატი და ბიუროკრატია, ვიდრე ეკონომიკას დღეს შეუძლია ეს აიტანოს… ამიტომ ჩვენი მთავარი რჩევა, რომელიც ბიუჯეტთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის დასკვნაშია, არის ის, რომ შემცირდეს მიმდინარე და ბიუროკრატიის აპარატის შენახვის ხარჯები”, – განაცხადა ქადაგიძემ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის მიერ ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტთან დაკავშირებით მომზადებულ დასკვნაზე კომენტირებისას.
მისი თქმით, მთავრობის მიერ დაგმილი ცვლილებები ბიუჯეტში საკმარისი არ არის და არ ასახავს იმ გამოწვევებს და რეალობას, რომელიც ქვეყანაშია.
ბოლო თვეების განმავლობაში, რაც ლარის კურსმა ვარდნა დაიწყო, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მთავრობას მუდმივად ხარჯების შემცირებისკენ მოუწოდებდა. ცოტა ხნის წინ, როდესაც პარლამენტში განსახილველად მიმდინარე წლის სეკვესტრირებული ბიუჯეტის პროექტი შევიდა, მაშინ ეროვნულმა ბანკმა წერილობით გაგზავნა რეკომენდაციები, სადაც ხარჯების შემცირების აუცილებლობაზე იყო საუბარი.
რეკომენდაციებში საუბარია იმაზე, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის სტაბილურობისთვის გაცვლითი კურსის სტაბილიურობაა საჭირო, რისთვისაც უნდა მოხდეს ხარჯების შემცირება.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.