ანატოლი ბიბილოვი

ხმათა 57,98%-ით  ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი ლიდერობს.

მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა „არჩევნებში“ მონაწილეთა ხმების 30% მიიღო.

რაც შეეხება საბოლოო შედეგებს, 32 736 ამომრჩევლის არჩევანს ოფიციალურად ხუთ დღეში გამოაქვეყნებენ.

ბიბილოვმა  კვლავ დაადასტურა, რომ „სამხრეთ ოსეთი“ მოსკოვთან რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების საკითხის განხილვას განაგრძობს.

„მე ყოველთვის აღვნიშნავდი და ახლაც აღვნიშნავ, რომ სამხრეთ ოსეთის ხალხის სურვილი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში დაბრუნების თაობაზე, ოციან წლებში ოსი ხალხის გაყოფის შემდეგ ცოცხლობს,“ – განაცხადა ბიბილოვმა.

შეგახსენებთ, რომ ანატოლი ბიბილოვი ყოფილი სამხედროა და გენერალ-ლეიტენანტის ჩინი აქვს. ის აქტიურ მონაწილეობას იღებდა 1990-იანი წლების საბრძოლო მოქმედებებსა და 2008 წლის აგვისტოს ომში.

ოფიციალური თბილისი კი ე.წ. არჩევნებსა და რეფერენდუმს არაკანონიერად მიიჩნევს. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, იგი  უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ძირეულ პრინციპებს და მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ.
„ე.წ. რეფერენდუმი სხვა არაფერია, თუ არა მცოცავი ოკუპაციის რეჟიმის აშკარა ანექსიაში გარდასახვა იგივე სცენარით, რომელიც რუსეთის ფედერაციამ 2014 წელს განახორციელა ყირიმთან მიმართებაში. ამგვარი ქმედება წარმოადგენს უხეშ ზეწოლას საქართველოზე და მიზნად ისახავს ვითარების შემდგომ ესკალაციას შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში,” – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

უკანონო ანექსიაზეა საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრემიერ-მინისტრის სპეციალურ განცხადებებშიც.  გიორგი კვირიკაშვილი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს გმობს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი კი დარწმუნებულია, რომ „ არჩევნებისა“ და „რეფერენდუმის“ შედეგებს არც საერთაშორისო თანამეგობრობა სცნობს.

მოგეხსენებათ, 9 აპრილს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და ”სამხრეთ ოსეთისთვის” სახელის „სამხრეთ ოსეთი – სახელმწიფო ალანიად“ შეცვლის თაობაზე ”რეფერენდუმიც” ჩატარდა, სადაც უმრავლესობამ „რესპუბლიკისთვის“ სახელის გადარქმევას დაუჭირა მხარი.