ვასილ (ვაჟა) ლელუაშვილი პირველად არჩევნების შემდეგ, 2012 წლის ნოემბერში დააკავეს.

ვასილ (ვაჟა) ლელუაშვილი პირველად არჩევნების შემდეგ, 2012 წლის ნოემბერში დააკავეს.

პოლიტიკოსებისა და ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოკადრების საქმეზე მთავარმა პროკურატურამ შს სამინისტროს 5 ყოფილი თანამდებობის პირი დააკავა.

საქმე იხება 11 და 14 მარტს ინტერნეტსივრცეში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების უკანონოდ მოპოვება-შენახვას. თუმცა, საიდან და ვის მიერ არის ატვირთული ეს ჩანაწერები, ჯერ კიდევ დაუდგენელია.

პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულები ახორციელებდნენ თვალთვალს ჟურნალისტებზე, პოლიტიკოსებზე და ამ მიზნით ამონტაჟებდნენ ჩამწერ საშუალებებს ბინებსა და სასტუმროებში.

პროკურატურის განცხადებით, 2011-2012 წლებში შს სამინისტროს  კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის (კუდი) დირექტორის ყოფილი მოადგილის ვასილ ლელუაშვილის ორგანიზებითა და დავალებით, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლები მაკომპრომატირებელი მასალის შეგროვების მიზნით ახდენდნენ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირების და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების წინასწარ შერჩევას, უკანონო თვალთვალს და მათი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვებას. ამის შესახებ საქართველოს მთავრ პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე ითქვა.

ვასილ (ვაჟა) ლელუაშვილის გარდა, დაკავებულები არიან: რევაზ შიუკაშვილი, რომან ზაალიშვილი, ირაკლი ყიფშიძე და ზირაბ პავლიაშვილი. არის კიდევ ორი ეჭვმიტანილი – გიგლა შიოშვილი მიემალა გამოძიებას, გივი კაციტაძეს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება.

გამოძიების ინფორმაციით,  2012 წლის მაისში, შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს უფროსს ირაკლი ყიფშიძეს ჰქონდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 2012 წლის 5 მაისს, ერთ-ერთი პოლიტიკოსი აპირებდა მცხეთა-მთიანეთის ერთ სასტუმროში გაჩერებას. ამ ფაქტის შესახებ მან შეატყობინა  ლელუაშვილს, რომლის დავალებითაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის ჩაწერის მიზნით, დაიგეგმა სასტუმროს ნომერში ფარული გადამღები მოწყობილობის დამონტაჟება, რაც თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილმა თანამშრომლებმა ზურაბ, პავლიაშვილმა და გიგლა შიოშვილმა, გააკეთეს, რითაც უკანონოდ მოიპოვეს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი.

„ამ ფაქტიდან  ერთ თვეში, 5 ივნისს, ვასილ ლელუაშვილის  დავალებით, თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს იმჟამინდელმა უფროსმა, რევაზ შიუკაშვილმა და მისმა მოადგილემ რომან ზაალიშვილმა ორგანიზება გაუწიეს ხსენებულ ბინაში ფარული სათვალთვალო აღჭურვილობის განთავსებას, რა გზითაც უკანონოდ მოიპოვეს ოპოზიციურად განწყობილი კიდევ ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი.

„ჩატარებული გამოძიებით, ასევე გახსნილია ვასილ ლელუაშვილის ორგანიზებით განხორციელებული კიდევ ერთი დანაშაულებრივი ფაქტი, რომელიც ეხება 2013 წლის მაისში საჯარო სივრცეში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის უკანონოდ მოპოვებას. კერძოდ, 2011 წლის დეკემბერში თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ვასილ ლელუაშვილის დავალებით კუდ-ის მე-6 სამმართველოს უფროსმა გივი კაციტაძემ ორგანიზება გაუწია ფარული სათვალთვალო აღჭურვილობის განთავსებასა და ჟურნალისტის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის მოპოვებას.

„შს სამინისტროს კუდ-ის და თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი თანამშრომლები სასამართლოს განჩინების საფუძველზე იქნენ დაკავებული საქართველოს სს კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით.  აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  5-დან 8 წლამდე ვადით.

„საქართველოს პროკურატურა აქტიურად განაგრძობს გამოძიებას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების მოპოვება-გავრცელების ფაქტზე. გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

აღსანიშნავია, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით  პროკურატურამ აქტიური გამოძიება მარტში მას შემდეგ დაიწყო, რაც 11 და 14 მარტს ინტერნეტსივრცეში პოლიტიკოსების პირად ცოხვრებაზე უკანონო ჩანაწერები გავრცელდა. პროკურატურამ უკანონო ფარულ ჩანაწერების შენახვა-გავრცელების გამო 16 მარტს 4 პირი დააკავა.