„ჩვენი ქალები ძალიან შრომისმოყვარეები არიან და ბევრს შრომობენ. პირობები რომ ჰქონდეთ, ისინი საკუთარ შესაძლებლობებს უფრო კარგად წარმოაჩენდნენ,” – ამბობს საქართველოს აქტიურ ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელი გულთაქინ მუსტაფაევა და დასძენს, რომ თუ ეთნიკური აზერბაიჯანელი ქალები ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად არ არიან ჩართულნი, ამაში ისევ ხელისუფლებაა დამნაშავე.

რატომ არ არიან ეთნიკური აზერბაიჯანელი ქალები ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურები? – ამ კითხვით ჩვენ რამდენიმე აქტიურ ეთნიკურ აზერბაიჯანელ ქალს მივმართეთ:

სოციოლოგი სამირა ბაირამოვა, რომელსაც ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს, ამბობს, რომ ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ეთნიკური აზერბაიჯანელი ქალების აქტიურობას ხელისუფლება ხელს არ უწყობს: „მარნეულში არცერთი ადგილობრივი ქალი დეპუტატი არ გვყავს. საქართველოში არსებობს პარტიების ფინანსური წახალისების სისტემა. პარტია, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სიაში ყოველ ათეულში ქალის 3 კანდიდატურას წარადგენს, საბაზო დაფინანსების 30%-იან დანამატს იღებს. სამწუხაროდ, წლევანდელ თვითმმართველობის არჩევნებზე ეს სისტემა ყველამ გამოიყენა, მმართველი პარტიის გარდა.”

ბაირამოვა ეკონომიკურ პრობლემებზეც ამახვილებს ყურადღებას: „ეთნიკური უმცირესობების 90% სოფლად ცხოვრობს, სადაც არც ინფრასტრუქტურაა განვითარებული და არც კულტურის ცენტრები არსებობს. ქალები ძალიან ბევრს შრომობენ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურობისთვის დრო აღარ რჩებათ. ეს მთელი საქართველოს პრობლემაა.“

საქართველოს აქტიურ ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელი გულთაქინ მუსტაფაევა.

საქართველოს აქტიურ ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელი გულთაქინ მუსტაფაევა აცხადებს, რომ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ეთნიკურ აზერბაიჯანელ ქალთა აქტიურობისთვის რეგიონებში არანაირი პირობები არ არსებობს: „ჩვენ გვყავს აქტიური ქალები. მათ დიდი პოტენციალი აქვთ. ამ მხრივს პროგრესი ნამდვილად გვაქვს და ქალებს უფრო მეტის გაკეთება შეუძლიათ. პასიურობის გამო რეგიონში მცხოვრებ ქალებს ნუ დავადანაშაულებთ. მათ პირობები სახელმწიფომ უნდა შეუქმნას. რეგიონებში ინფრასტრუქტურაც არ არის. სოფლად ისეთი მდგომარეობაა, საღამოს 6 საათის შემდეგ ხალხი გარეთ ვეღარ გამოდის. ჩვენი ქალები ძალიან შრომისმოყვარეები არიან და ბევრს შრომობენ. პირობები რომ ჰქონდეთ, საკუთარ შესაძლებლობებს უკეთესად წარმოაჩენდნენ. ის ფაქტი, რომ ქალები არ არიან აქტიურები, ტრადიციებითაც არის განპირობებული: აზერბაიჯანელი მამაკაცების უმრავლესობა ქალს მუშაობის უფლებას არ აძლევს, ქალიშვილებს კი ნაადრევად გათხოვებას აიძულებენ. ქალთა დიდმა ნაწილმა საკუთარი უფლებების შესახებ არაფერი იცის. სახელმწიფო რომ იცავდეს ეთნიკურ აზერბაიჯანელ ქალთა უფლებებს და დამნაშავე ისჯებოდეს, ადამიანები კანონის დარღვევას ვეღარ გაბედავდნენ და ქალებიც უფრო აქტიურები იქნებოდნენ.”

ლეილა მამედოვა (მარჯვნივ).

43 წლის ლეილა მამედოვა, რომელიც წელს პარტია „შენების მოძრაობის“ მერობის კანდიდატი იყო მარნეულში, ორი შვილის დედაა. მას უმაღლესი განათლება ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტში აქვს მიღებული. 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა. იყო საქართველოს ახალგაზრდა აზერბაიჯანელთა კავშირის თავმჯდომარე, 2015-2016 წლებში კი სახალხო დამცველის აპარატში მუშაობდა.

ლეილა არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ეთნიკური აზერბაიჯანელი ქალები საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში  აქტიურები არ არიან: „ამჟამად საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ეთნიკურ აზერბაიჯანელ პოლიტიკოსთა ისეთი  ჯგუფია წარმოდგენილი, რომელიც საკუთარი გუნდის წევრების გარდა სხვას არავის აძლევს წინ წასვლისა და გამოჩენის საშუალებას. მე ასეთი დამოკიდებულების წინააღმდეგი ვარ. აზერბაიჯანელი ქალები აქტიურები არიან და შეუძლიათ, უფრო მეტად აქტიურები იყვნენ. უბრალოდ, მათ სახელმწიფომ პირობები უნდა შეუქმნას. ეს ხელისუფლება, ისევე როგორც წინა, ლახავს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა უფლებებს და არ უქმნის მათ შესაძლებლობებს განვითარებისთვის.”

ლეილა მამედოვა ამ საკითხზე  განცხადების მომზადებასაც აპირებს.

ნურანა მამმადი

ტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ფონდისეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორთა პოზიციას.