ამბები

სამოქალაქო სექტორი სპეციალურ საგამოძიებო ფორმატს ითხოვს

by | Mar 15, 2016
This_Affects_You_Too

This Affects You Too (DFwatch)

საქართველოში მოქმედი  არასამთავრობო ორგანიზაციები პირადი, ინტიმური ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების ფაქტების გამოსაძიებლად სპეციალური საგამოძიებო ფორმატის შექმნას მოითხოვენ, რომელშიც მონაწილეობას საერთაშორისო ექსპერტები მიიღებენ.

გარდა ამისა,  ფარული მოსმენისა და თვალთვალის  წინააღმდეგ  წარმოებული კამპანიის “ეს შენ გეხება” წევრი ორგანიზაციების წარმომაგენლებმა (საია, ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“, სიდა, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და ა.შ.) ორშაბათს  გამართულ პრესკონფერენციაზე  პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და სამართალდამცველი ორგანოების პირველ პირებთან  შეხვედრაც მოითხოვეს.

„მოვითხოვთ პასუხებს კითხვებზე, თუ რა კეთდებოდა ფარულ ჩანაწერებთან საბრძოლველად. ეს აღარაა მხოლოდ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნება. აქ არის მუქარის შემცველი მესიჯებიც. ესაა პირდაპირი შანტაჟი არა მხოლოდ იმ პირებისა, ვინც  ამ კადრებზეა ასახული, არამედ მთლიანად საზოგადოების. ესაა დარტყმა დემოკრატიასა და მთელს წინასაარჩევნო პროცესზე“, – აღნიშნა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, რამდენიმე დღის შუალედში პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი ვიდეო მასალის გავრცელების  ფაქტი მიუთითებს, რომ გამავრცელებლებს არ ეშინიათ, რომ გამოავლენენ და მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

როგორც ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთი ხუციშვილმა თქვა, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება ხელისუფლებისა და ოპოზიციის პროდასავლურ ძალებზე შეტევაა.  ამგვარი ქმედებებით  საზოგადოებაში ქაოსის შექმნის მცდელობა კი, პირველ რიგში, მეზობელი ქვეყნისა და პრორუსული ძალების ინტერესებში შედის.

პრესკონფერენციაზე აღინიშნა ისიც, რომ  არასამთავრობოთა და მედია ორგანიზაციების მიერ წარმოებული კამპანია “ეს შენ გეხება”, აქტიურ ფაზაში გადავა, რადგან ბოლო დღეებში განვითარებული პროცესები  ცხადყოფს, რომ სწრაფი და ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი.

დაანონსდა ისიც,  რომ „ეს შენ გეხება“ შაბათს, 19 მარტს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების გავრცელების საწინააღმდეგოდ აქციას გამართავს.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031