ამბები

რატომ ძლიერდება რუსეთი აღმოსავლეთ ევროპაში? – ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან

by | Nov 15, 2016
korneli-kakachia

კორნელი კაკაჩია: „თუ დავუშვებთ რომ მოლდოვა დატოვებს ასოცირების სამეულს, ეს იქნება რუსეთის სერიოზული გამარჯვება და ამან შესაძლოა საქართველში მიძინებული პრორუსული ძალები, რომლებიც ქვეყანაშ ბევრი გვყავს, გამოაღვიძოს და აამოქმედოს.“

მოლდოვასა და ბულგარეთში პრორუსი პრეზიდენტების არჩევა ტრაგიკულია, რადგან ეს აღმოსავლეთ ევროპაში რუსული ინტერესების გაძლიერებას მოასწავებს, – ამის შესახებ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის თანადამფუძნებელი კორნელი კაკაჩია საუბრობს.

მისი თქმით, მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინაში – ე.წ. რუხი ზონის ქვეყნებში, რომლებიც არც ევროკავშირსა და ნატო-შია და არც რუსულ ბლოკში – რუსული გავლენის დაბრუნების რისკი არსებობს და ახლა მთავარია, აშშ-ს ახალ ადმინისტრაციას რა პოლიტიკა ექნება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისა და, უპირველესად, რუსეთის მიმართ.

„რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეში დასავლეთს ერთი ნაბიჯით ასწრებს ხოლმე, რაღაც ნაბიჯს დგამს და დასავლეთი მხოლოდ რეაგირების რეჟიმში რჩება. ამდენად რუსეთს აღმოსავლეთ ევროპაში უპირატესობა აქვს,“- მიიჩნევს კაკაჩია.

DFWatch: მოლდოვასა და ბულგარეთში პრორუსი პრეზიდენტები აირჩიეს და რა ტენდენციაა ეს? რუსეთი საბჭოთა ბლოკის, ანუ საკუთარი გავლენის სფეროდ მიჩნეული აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნელ-ნელა საკუთარ ორბიტაზე დაბრუნებას იწყებს?

კორნელი კაკაჩია: ნებისმიერი პრორუსული ძალის მოსვლა ხელისუფლებაში რუსეთს ინტერესებს აძლიერებს და ეს მათ სცენარში ჯდება, თუმცა ეს ორი შემთხვევა ერთმანეთისგან განსხვავებულია. ბულგარეთში  ეს შეიძლება ისეთი ტრაგიკული არ იყოს, როგორც მოლდოვის შემთხვევაში. ბულგარეთი ევროკავშირისა და ნატო-ს წევრია და იქ ინსტიტუციონალური მექანიზმები არსებობს, რომლითაც შესაძლებელია პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვა. თუმცა გარკვეულწილად ტრაგიკულ ტენდენციას აღნიშნავს. მიუხედავად ამისა, მაინცდამინც გაკვირვებული არ ვარ, რადგან ბულგარეთში ყოველთვის იყვნენ პარტიები, რომლებსაც რუსული ვექტორი ჰქონდათ.

რაც შეეხება მოლდოვას, ამ არჩევანმა შესაძლოა გარკვეული პრობლემები შექმნას, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში იდენტობის კრიზისი არსებობს. მოსახლეობის ნახევარი ვერ გარკვეულა ევროკავშირისკენ წავიდეს თუ ევრაზიული კავშირისკენ. ამ ქვეყანაში რუსეთმა მოახერხა ის, რასაც ჯერჯერობით,საქართველოში ვერ  ახერხებს. გახლიჩა საზოგადოებრივი აზრი, რამაც გამოიწვია ის, რომ ახლა პრორუსულმა ძალებმა გაიმარჯვეს. დაახლოებით იგივე პროცესი იყო უკრაინაში რევოლუციამდე, როდესაც იანუკოვიჩი იყო ხელისუფლებაში.

აქედან გამომდინარე მოლდოვაში გარკვეული რისკი არსებობს, რომ მართლაც მოიწადინოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება უკან დაბრუნების რეჟიმში მოაქციოს. ბევრი რამ დამოკიდებულია სხვა პოლიტიკურ პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების  რეაქციაზე, თუ როგორ დაუდგებიან ისინი ამგვარ გადაწყვეტილებებს. ეს გამოწვევაა და არა მარტო მოლდოვისთვის. თუ დავუშვებთ რომ  მოლდოვა დატოვებს ასოცირების სამეულს, სადაც ერთ-ერთი ვართ ჩვენ, ეს იქნება რუსეთის სერიოზული გამარჯვება და ამან შესაძლოა საქართველში მიძინებული პრორუსული ძალებიც და პლუს პოპულისტებიც, რომლებიც ქვეყანაშ ბევრი გვყავს, გამოაღვიძოს და აამოქმედოს.

DFWatch: როცა აშშ-ში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა, გაჩნდა ვარაუდი, რომ საფრთხეა, რუსეთმა საბჭოთა ბლოკის ქვეყნებზე გავლენა გააძლიეროს და ამას აშშ მაინცდამაინც ხელს არ შეუშლის. მეტიც, შეიძლება გარკვეულ ქვეყნებზე, რომლებიც ნატო-ს წევრები არ არიან, შეთანხმებაც კი მოხდეს.

.: შეიძლება დავუშვათ, რომ მოლდოვას, საქართველოს და უკრაინაში ე.წ. რუხი ზონის ქვეყნები, რომლებიც არც ევროკავშირსა და ნატო-შია და არც რუსულ ბლოკში, შეიძლება რაღაც მოხდეს და რისკი არსებობს. თუმცა რუსული გავლენის ქვეშ დაბრუნების  საფრთხე ტრამპამდეც არსებობდა და ახლაც არაფერი შეიცვლება. ნათელია, რომ ამ ქვეყნებს უსაფრთხოების ქოლგა არ გვაქვს და ტრამპის მოსვლა-არმოსვლა ამას ვერ წყვეტს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორი იქნება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა რუსეთთან. თუ მათ ისევ გადატვირთვის პოლიტიკის მსგავსი დაიწყეს, შეიძლება ამან გარკვეული პრობლემები შექმნას, მათ შორის საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის. მნიშვნელოვანია აშშ-ს ახალ ადმინისტრაციას რა პოზიცია ექნება ნატო-ს გაფართოებაზე, რუსეთზე და ირანთან ურთიერთობაზე. ეს სამივე საკითხი გვეხება ჩვენ და როცა გამოჩნდება რაღაც შეხედულებები, შემდეგ შეიძლება უფრო რეალისტური შეფასებების გაკეთება.

DFWatch: რატომ მოხდა, რომ მთელი დასავლეთი ებრძოდა რუსეთს და ის არა თუ დასუსტდა, არამედ გავლენებს იძლიერებს?

.: ერთ-ერთი პრობლემა არის რუსული პროპაგანდა და მეორე ის, რომ ევროკავშირმა აქცენტი გააკეთა პროევროპულ კოალიციაზე, რომელმაც არ გაამართლა. მოლდოვაში ხელისუფლებას, რომელიც პროევროპული სტატუსით მოვიდა, დაბრალდა, რომ 1 მლრდ დოლარზე მეტი თანხა დაიკარგა ეროვნული ბანკიდან და ამის შემდეგ რა იმიჯი უნდა შეინარჩუნოს ხელისუფლებამ? პროევროპულმა ძალებმა გააკოტრეს ეს იდეა. თუმცა თვალი არ უნდა დავხუჭოთ ევროკავშირის სისუსტეებზე. რეალურად, ევროპაში არ არის შემუშავებული კონცეფცია, როგორ უნდა გაუმკლავდნენ რუსეთს პოსტსაბჭოთა სივრცეზე. ეს გამოწვეულია შიდა სისუსტეებითა და ხედვების ნაკლებობით. ამჟამად ევროკავშირი სხვა პრობლემებითაა დაკავებული. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეში დასავლეთს ერთი ნაბიჯით ასწრებს ხოლმე, რაღაც ნაბიჯს დგამს და დასავლეთი მხოლოდ რეაგირების რეჟიმში რჩება. ამდენად რუსეთს აღმოსავლეთ ევროპაში უპირატესობა აქვს.

პოლიტიკური ლანდშაფტი იცვლება. ტრადიციული პოლიტიკური სისტემების კრიზისია და პოპულისტური ტალღის აღზევება ხდება ყველა ქვეყენაში. საზოგადოებასა და ელიტებს შორის გაუცხოება, რითაც პოპულისტები სარგებლობენ.

DFWatch: ჩვენ რა გამოწვევები გვაქვს?

.არის საკითხები, რომელიც ჩვენზე დამოკიდებული არ არის. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ საგარეო პოლიტიკას აწარმოებს აშშ პოსტსაბჭოთა სივრცესთან, მათ შორის რუსეთთან. ამ ყველაფერს ალღო უნდა ავუღოთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ინტერესების ხარჯზე არ  მოხდეს. თუ საჭირი გახდა ახალი სტრატეგიები უნდა ჩამოყალიბდეს.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031