ამბები

პროკურატურამ 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვა დაიწყო

by | Jul 26, 2016

prosecutors_office_Cropმთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვა დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას თავად პროკურატურა ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, პარლამენტმა 2016 წლის ივლისს სს საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში შეიტანა ცვლილება, რომლის თანახმადაც თუკი ახალი გამოძიების პირობებში გამოვლინდება ახალი ფაქტები და გარემოებები, რაც წინა განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და პროკურატურა გამოიტანს დადგენილებას მსჯავრდებული პირის უფლების დარღვევის თაობაზე, ეს ხელახალი სასამართლო განხილვის ჩატარების საფუძველი გახდება.

ამ საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, ახალმა დეპარტამენტმა სამი მსჯავრდებულის: იოსებ ჯანდიერის, თემურ სალაყაიას და ანდრო ჩხიკვიშვილის მიმართ განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.

ხელახალი გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები გაასამართლეს და სასჯელს იხდიდნენ წინა ხელისუფლებისთვის მიუღებელი პოლიტიკური შეხედულებების და მათი უკანონო მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო.

პროკურატურის ცნობით, იოსებ ჯანდიერის მიმართ, რომელიც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“  საგანგებო სიტუაციების სწრაფი რეაგირების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე იყო, სს დევნა მხოლოდ იმიტომ დაიწყო, რომ მან დემონსტრაციულად დატოვა პარტია 2007 წლის 4 ნოემბერს, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს და შეუერთდა აქციას, სადაც მან დემონსტრაციულად დახია პარტიული მოწმობა. ამ ფაქტიდან, რამოდენიმე დღეში,  13 ნოემბერს, მასთან სახლში შევიდნენ შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებმაც საძინებელ ოთახში ჩაუდეს ჰეროინი და დააკავეს. 2008 წლის 10 მარტს მას მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2008 წლის 24 ნოემბერს, პრეზიდენტის შეწყალებით, ისე, რომ მას ეს არ მოუთხოვია, მან დატოვა საპატიმრო დაწესებულება.

მეორე მოქალაქე, შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ-ი) ყოფილი თანამშრომელი თემურ სალაყაია, პროკურატურის ცნობით,  მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ მის მიმართ ჰქონდათ ეჭვი პარტია “ქართულ ოცნებასთან“ კავშირის თაობაზე.  2012 წლის 2 ივნისს სალაყაია სამსახურიდან გამოიძახეს და ჭანტურიას ქუჩაზე, ეკონომიკის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მისვლა სთხოვეს, სადაც ჰეროინის შენახვა-შეძენის ბრლადებით დააკავეს. საპატიმროდან მისი განთავისუფლება, მხოლოდ 2012 წლის 5 ოქტომბერს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მოხერხდა.

მესამე დაზარალებულ მოქალაქეს წარმოადგენს ანდრო ჩხიკვიშვილი, რომელმაც ყალბი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე 5 წელი მოიხადა საპატიმროში. ჩხიკვიშვილი იყო შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში, რომლის მიმართაც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს გააჩნდა დავალიანება. 2006 წლის სექტემბერში ჩხიკვიშვილი დაიბარეს გენერალურ პროკურატურაში და მოთხოვეს შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენლების დარწმუნება, რათა მათ აღარ მოეთხოვათ ქართული მხარისგან მისაღები თანხა. აღნიშნულ მოთხოვნაზე უარის მიღების შემდეგ, ანდრო ჩხიკვიშვილი 2006 წლის 18 ოქტომბერს დააკავეს თაღლითობის ცრუ ბრალდებით, რასაც საფუძვლად დაედო  სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ყოფილი ექსპერტის ნუგზარ ბელქანიას მიერ შედგენილი ყალბი დასკვნა.  ის დამნაშავედ 2007 წლის 04 ივლისს სცნეს სსკ-ის 180-ე მუხლით.

„პროცესს, რომელიც მთავარ პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა დაიწყო, რაც უკავშირდება უკანონოდ გასამართლებული პირების განაჩენების გადასინჯვას და მათი დარღვეული უფლებების აღდგენას, შეუქცევადი ხასიათი ექნება და ჩვენ დეპარტამენტის შედეგებით პერიოდულად წარვსდგებით საზოგადოების წინაშე“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2016
M T W T F S S
« Aug    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930