ამბები

„ნაციონალები“ ბოიკოტის გამოცხადებაზე ბჭობენ

by | Oct 11, 2016

01-national_movement_rally_2016-10-05„ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი მსჯელობაა იმაზე, შევიდნენ თუ არა პარლამენტში. აზრი ორადაა გაყოფილი. ნაწილი ბოიკოტის მომხრეა, ნაწილი კი საკანონმდებლო საქმიანობის გაგრძელებისა. კონკრეტულად ამ ეტაპზე ის განხილვაა, მაჟორიტარების მეორე ტურში  მონაწილეობა მიიღონ თუ არა.

ექსპრეზიდენტი და ოდესის ამჟამინდელი გუბერნატორი, რომელიც განხილვაში ოდესიდან ჩაერთო, ბოიკოტის მომხრეა. მისი თქმით, მეორე ტურში მონაწილეობა უაზრობაა, რადგან ამით ძალიან უხეში დარღვევებით ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაცია მოხდება. თუმცა დასძენს იმასაც, რომ მეორე ტურში მონაწილეობა კანდიდატების ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა.

სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის” იმ კანდიდატებს, რომლებმაც დეპუტატობის მანდატი უნდა მიიღონ, მოუწოდებს, პარლამენტში შესვლამდე მხარდამჭერებთან კონსულტაციები გამართონ და შემდეგ მიიღონ შესვლა-არშესვლის გადაწყვეტილება.

ექსპრეზიდენტს ეთანხმება დავით დარჩიაშვილი.

„ეს არჩევნები ათასგვარი მანიპულაციებით ისეთნაირად გაყალბდა, რომ ზუსტად ის პროცენტი მიღებულიყო, რაც „ოცნებას“ აბსოლუტურ გამარჯვებას მოუტანდა. ბუნებრივია, ეს ამოქმედდება მეორე ტურშიც. ჩვენ, ოპოზიციურ პარტიას, რაიმე  კონკრეტული კონტრ-მეთოდი ამის გამოსარიცხად არ გვაქვს,“- ამბობს დარჩიაშვილი.

ბოიკოტის მოწინააღმდეგეებს შორის კი არის  პარტიის ახალი წევრი სერგი კაპანაძე, რომელიც ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა” არ არის ერთი ან ორი ადამიანის პარტია – მას ნდობა გამოუცხადა 500 000-ზე მეტმა მხარდამჭერმა და „კეთილი უნდა ვინებოთ ყველამ და ამ მხარდამჭერების აზრი გავითვალისწინოთ“.

მისი აზრით, მეორე ტურებში „ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შანსი არ უნდა მისცენ და პოლიტიკური ბრძოლა უნდა გააგრძელონ, მათ შორის, პარლამენტის შიგნითაც.

„ამ დღეებში „ნაციონალური მოძრაობა” გადაწყვეტს თავის სამოქმედო გეგმას და ყველას გაცნობებთ. ამ გეგმაში ნამდვილად იქნება გათვალისწინებული, როგორც პარტიის ლიდერების, ისე, პირველ რიგში, აქტივისტების, მხარდამჭერების და რეგიონული ლიდერების და შტაბების აზრი,“- წერს „ფეისბუქში“ სერგი კაპანაძე.

მის აზრს ბევრი სხვა პოლიტიკოსიც იზიარებს.

პროპორციული სისტემით არჩევნებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 27% მიიღო, „ქართულმა ოცნებამ” – 48%, “პატრიოტთა ალიანსმა“ – 5%. მაჟორიტარული სისტემით 73 ოლქიდან 23 ოლქში „ოცნებამ“ მოიგო, „ნაციონალებმა“ ვერ ერთში. 50 ოლქში მეორე ტურია დაგეგმილი და ყველგან ლიდერი “ოცნების” კანდიდატია. მმართველი პარტია ირწმუნება, რომ ყველა დარჩენილ 50 მანდატს თავად მოიპოვებს.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031