ამბები

„მეჭიაური უნდა გარიცხონ, თუ ამის უნარი აქვთ“ – „რესპუბლიკელები“ „ოცნების” წინააღმდეგ

by | May 10, 2016

Tamaz_Mechiauriრესპუბლიკელებითამაზ მეჭიაურის პარტიიდან გარიცხვას ითხოვენ, რადგან თვლიან, რომ დეპუტატის ევროატლანტიკური კურსის საწინააღმდეგო განცხადებებით პარტიას დაღუპავს. მეჭიაური კი ასეთ პირობას აყენებს: თუ რესპუბლიკელი მინისტრები, თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი თანამდებობას დატოვებენ, თავადაც წავა ქართული ოცნებიდან“.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარის გოგი თოფაძის გარიცხვის მოთხოვნის შემდეგ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც „რესპუბლიკელები“ დეპუტატის გარიცხვას ანტიდასავლური განცხადებების გამო ითხოვენ და როგორც ირკვევა, „ოცნებაში“, თოფაძის მსგავსად, არც მეჭიაურის გარიცხვას არ გეგმავენ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკის თქმით, ყველამ თავის პარტიას მიხედოს და „ქართული ოცნებიდან“ ვინმეს გარიცხვა ამ პარტიის საქმეა და არა სხვა პარტიების. ხოლო მათთვის ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ არის „კეკლუცობის თემა“, ეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„რესპუბლიკელებთან“ დაპირისპირების გამო საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა სამშაბათს სპეციალური ბრიფინგიც გამართა, სადაც ძმებ ბერძენიშვილებს „ორი მკვდარი პოლიტიკოსი“ უწოდა, რომლებიც ვერასდროს გახდებიან დეპუტატები, თუ „ვიღაცას არ აეკიდნენ“.

„თუ „ქართული ოცნება“ გაიზიარებს ამ ორი მკვდარი პოლიტიკოსის აზრს და გაემიჯნება იმ ძალებს, რომლებსაც უფრო მეტად აქვთ ხალხთან შეხება და დაიტოვებს ამ პოლიტიკურ მარგინალებს, მაშინ თავის თავს გაუკეთებს დისკრედიტაციას,“ – განაცხადა მეჭიაურმა და პრემიერს ერთგვარი გარიგებაც შესთავაზა – თუკი დღესვე თანამდებობებიდან გადააყენებს „რესპუბლიკელ“ მინისტრებს, თავადაც წავა პარტიიდან ისე, რომ გარიცხვის არაპოპულარული გადაწყვეტილების წინაშე არ დააყენებს პარტიის ლიდერს.

მეჭიაურმა ისიც კი განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო კურსის სისწორეში სრულიად დარწმუნებული პრემიერ-მინისტრიც არ არის.

„ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის განწყობა, რომელიც მოსახლეობაშია. ხელისუფლების კურსს უნდა განსაზღვრავდეს ხალხის განწყობა. თავის დროზე ნატოს-თან დაკავშირებით ჩატარდა რეფერენდუმი თუ პლებისციტი და რატომღაც ყველა ცდილობს, გვერდი აუაროს ერთ ფაქტს – იმ პერიოდში ყველა იძახდა, რომ არჩევნები იყო გაყალბებული, თუმცა რატომღაც არავის დაუყენებია ეჭვქვეშ იმავე არჩევნების ეს მეორე ნაწილი. ესეც ხომ არ იყო გაყალბებული? ამასაც რომ თავი დავანებოთ, ყველაფერი იცვლება. უძრაობაში არ უნდა ვიყოთ. თუნდაც იმან, რომ ნატო-სკენ კი ვისწრაფით, მაგრამ მეორე მხრიდან ეს სურვილი არ არის, ნატო-ს წამყვანი ძალა უკვე ღიად თავს არიდებს უკრაინისა და ჩვენს მიღებას იმ პრობლემებიანად, რაც ჩვენ გვაქვს,“ – განაცხადა მეჭიაურმა.

მისივე თქმით, ნატო-ში შესასვლელად სამაჩაბლოსა და აფხაზეთზე უარის თქმაა და თუ ხელისუფლება მზად არის ეს მოსახლეობას ღიად უთხრას, ეს სხვა საკითხია.

„მაინტერესებს, ამ დაუოკებელ კაცს ვინმე გააჩერებს თუ არა? თვითონ რომ არ გაჩერდება, ეს მესმის,“ –  მეჭიაურის პასუხად განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

მისი თქმით, მეჭიაურის პირობები სასაცილოა. საერთოდ მისი ოპონენტი იუმორისტულ ფიგურად ყალიბდება და ვიცინებდით, რომ სერიოზული არ იყოს ის, რასაც ამბობს.

ბერძენიშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს სერიოზული მენეჯმენტი და პრობლემები აქვს, სხვა შემთხვევაში ნატო-სთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო, მეჭიაური პარტიიდან უნდა გარიცხონ.

„ვისაც გონია, რომ ნატო აბსურდია, იმას ევროპაც აბსურდი გონია და იმას არც სამშობლო უყვარს. უნდა გარიცხონ, თუ აქვთ ამის უნარი. მეჭიაური კიდევ გააკეთებს ასეთ განცხადებებს, რაც ნიშნავს, რომ ეს პარტია შედგება უდისციპლინო წევრებისგან, არ ჰყავს სერიოზული მენეჯმენტი და პრობლემები აქვს,“ – განაცხადა ბერძენიშვილმა.

მთელი ეს ურთიერთლანძღვა მეჭიაურის ორშაბათის განცხადებას მოჰყვა, როდესაც ექსპრემიერ ივანიშვილთან დაახლოებულმა დეპუტატმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ნატო ქვეყანას საფრთხეს უქმნის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას უშლის ხელს. 11-26 მაისს დაგეგმილი ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნები კი ქვეყნისთვის საშიშია.

მის ამ განცხადებას რესპუბლიკელებსა და პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს შორის ურთიერთობის დაძაბვაც კი მოჰყვა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწირობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა თქვა, რომ მას ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადებაზე მეტად საკითხზე მთავრობის დუმილი აკვირვებს.

მისი ამ ნათქვამის გამო კი უკმაყოფილება პრემიერმა არ დამალა. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მეჭიაურის განცხადება მთავრობის საგარეო კურსს არ გამოხატავს და ზაქარეიშვილის პოზიცია „ქართული ოცნების“ შესახებ არაობიექტური და მიუღებელია. ხოლო თუ მისი კაბინეტის მინისტრს „ოცნების“  საგარეო კურსთან დაკავშირებით კითხვები და სხვა მოსაზრებები გააჩნია, შეუძლია „მიიღოს ჩვეულებრივი ადამიანური გადაწყვეტილება“.

მეჭიაურის გარიცხვის გარდა, „რესპუბლიკელები“ პრემიერ კვირიკაშვილსაც გამოეხმაურნენ თანაპარტიელი ზაქარეიშვილის კრიტიკის გამო. როგორც ლევან ბერძენიშვილმა „რეზონანსთან“ ინტერვიუში თქვა, კვირიკაშვილი „ქვეყნის გადასარჩენად ციდან ჩამოფრენილი არ არის“ და არ უნდა დაავიწყდეს, რომ მთვარობის მეთაურის პოსტზე „რესპუბლიკელების“ 10 ხმითაც არის დამტკიცებული.

„რესპუბლიკელმა“ დავით ბერძენიშვილის თქმით კი, მეჭიაური და ასევე თოფაძე აცხადებენ, რომ ისინი არიან ბიძინა ივანიშვილის მეგობრები, სწორედ ჩნდება განცდა, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილის პოზიციებს აჟღერებენ.

„ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება ნატოს მიმართ ამჟამად როგორია, ამაზე ქართულ საზოგადოებას მკაფიო პასუხი უნდა გასცეს ბიძინა ივანიშვილმა, რომ არ მიეცეს სპეკულაციების თუ პროვოკაციების შესაძლებლობა მის მიერ ხელდასმულ , მისი პატრონაჟით მოყოჩაღებულ თოფაძეს თუ მეჭიაურს,“ – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2016
M T W T F S S
« Aug    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930