ამბები

კვირიკაშვილი „ქვეყანას არ აქვს ფუფუნება 7-8 თვე წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში იცხოვროს“

by | Apr 8, 2016
giorgi_kvirikashvili2

პრემიერ მინისტრი: „ქვეყანას არ აქვს ფუფუნება 7-8 თვე წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში იცხოვროს“ (IPN)

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, არჩევნების ჩატარების თარიღად 8 ოქტომბრის დასახელება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ის არ შეიცვლება.

ამის შესახებ პრემიერმა პარასკევს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თუმცა არ უთქვამს, როდის მოაწერს ხელს და შესაბამისად, როდის შევა ძალაში არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გამოცემული განკარგულება, რომელიც პრემიერს ოთხშაბათს, 6 აპრილს გადაეგზავნა.

მთავრობის მეთაურს არ დაუკონკრეტებია, მოსალოდნელია თუ არა წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღის, 8 აგვისტოს, შეცვლა. მაგრამ მისი  განცხადებიდან, რომ „ქვეყანა 7-8 თვე წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში ვერ იცხოვრებს და ეს საკითხი დამატებით მსჯელობას არ საჭიროებს“,  იგულისხმება, რომ არც ეს თარიღი შეიცვლება.

„მგონი, არავისთვის იქნება ცუდი, რომ გარკვეული აქტივობები წინასწარ დაგეგმოს. მათ შორის საკუთარი კალენდრის დაგეგმვა  სტუმრებსაც სჭირდებათ,  ამიტომ ვფიქრობ არჩევნების თარიღის წინასწარ დასახელებაში კარგის მეტი  არაფერი არ არის. რაც შეეხება, ტექნიკურ საკითხებს, განკარგულების გამოქვეყნების შემდგომ საარჩევნო კამპანის დაწყების საკითხი, ფინანსური საკითხები კითხვას არ უნდა იწვევდეს, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება  7-8 მილიონი ლარი დამატებით  მარტო იმის გამო გადავიხადოთ, რომ  საარჩევნო  მრიცხველი დღეიდან ჩავრთოთ.  არ შეიძლება ქვეყანამ 7-8 თვე წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში იცხოვროს. ამიტომ აქ არანაირი დამატებითი ველი მსჯელობისთვის არ არსებობს. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, წინასწარ გამოცხადებული, რომ არჩევნები იქნება 8 ოქტომბერს და ეს თარიღი არ შეიცვლება,“ – აღნიშნა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამშაბათს, 5 აპრილს, პრემიერთან გიორგი კვირიკაშვილთან და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, მომავალი საპარლამენტო არჩევნების თარიღად 8 ოქტომბერი გამოაცხადა.

არჩევნებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის განკარგულებაში, რომელიც პრემიერს ხელმოსაწერად უკვე გადაეგზავნა, წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) დაწყების თარიღად 8 აგვისტოა დასახელებული.

არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური ძალები კი საარჩევნო აგიტაციის დაწყების თარიღს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე იწყება.

პრეზიდენტის განკარგულებაში კი ვკითხულობთ, რომ მარგველაშვილმა  პარლამენტის არჩევნები საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 108-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად  დანიშნა, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031