ამბები

თბილისში 10-ის ნაცვლად 22 საარჩევნო ოლქი იქნება

by | Apr 2, 2016
election day voting

(DFWatch)

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისის, ქუთაისის, ბათუმის და რუსთავის 30 ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქის საზღვრები დაამტკიცა.

საუბარია იმაზე, რომ ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების საზღვრები შეიცვლა და ის გაიყო თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში. მაგალითად საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებამდე თბილისში 10 საარჩევნო ოლქი იყო, 2016 წლის არჩევნებზე კი 10-ის ნაცვლად იქნება 22 ოლქი. ქუთაისში იყო ერთი საარჩევნო ოლქი – ახლა გაიყო და იქნება სამი;  ასევე ბათუმში – ერთის ნაცვლად იქნება სამი, რუთავში კი ერთის ნაცვლად ორი ოლქი.

„ამ გადაწყვეტილების თანახმად ამომრჩეველთა ხმების ძალა ადეკვატურად გამოიხატება მანდატის წონაში; ანუ მიღწეულია „ხმის თანაბრობის“ ფუნდამენტური პრინციპი, რომლის დანერგვაზეც წლების განმავლობაში საკუთარ რეკომენდაციებს წარმოადგენდნენ ვენეციის კომისია, ეუთო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები”,- განმარტავენ ცესკოში.

აღსანიშნავია, რომ 150-კაციან პარლამენტში 73 დეპუტატი მაჟორიტარულ, ერთმანდატიან ოლქში ირჩევა, ხოლო დანარჩენი 77 ადგილი პროპორციული სისტემით ნაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომლებიც 5%–იან ბარიერს გადალახავენ.

2015 წლის 18 დეკემბერს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომლის მიხედვითაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კვლავ 73 ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქი იქნება, თუმცა ამომრჩეველთა რაოდენობის გათანაბრების მიზნით ოლქების საზღვრები შეიცვალა. ზოგან, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 50 ათასზე ნაკლები იყო, მას მეორე მომიჯნავე საარჩევნო ოლქის ნაწილი დაემატა; ზოგან კი საარჩევნო ოლქი რამდენიმე ნაწილად გაიყო. ცესკოს აქვს ასევე სია, რომელი სოფლები რომელ საარჩევნო ოლქში გადანაწილდა.

საარჩევნო კოდექსში ცვლილებამდე კი ერთმანდატიანი ოლქები ერთმანეთისგან ამომრჩეველთა რაოდენობით განსხვავდებოდა.  ყველაზე დიდ ოლქში 150 000 ამომრჩეველი იყო დარეგისტრირებული, ხოლო უმცირეს ოლქში – 6 000 ამომრჩეველი, თუმცა ორივე ერთ მაჟორიტარს ირჩევდა პარლამენტში.

73 მაჟორიტარულ ოლქში სულ 3 482 021 ამომრჩეველია, შესაბამისად თითოეულ ოლქში ამომრჩეველთა საშუალო რაოდენობა 47 698-ს წარმოადგენს. კანონში ოლქების აბსოლუტური უმრავლესობა უკვე განსაზღვრულია და მითითებულია თითოეულ მათგანში რამდენი ამომრჩეველია. გამონაკლისს წარმოადგენდა თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი, რომლებშიც საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენის უფლებამოსილება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აქვს მინიჭებული.

ეს ცვლილება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც მაჟორიტარულ ერთეულებში ხმების თანაბარწონადობის პრინციპს უკავშირდებოდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მაჟორიტარული ოლქები ამომრჩეველთა რაოდენობის მხრივ, დასაშვებ ზღვარზე მეტად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, რითაც სხვადასხვა ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლის ხმას განსხვავებული „წონა“  ჰქონდა.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2016
M T W T F S S
« Aug    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930