ამბები

პარტიების საარჩევნო პროგრამები

by | Sep 18, 2016

election_day_tbilisi_2014_Croppedპოლიტიკურ პარტიებს ტრადიცია არც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის დაურღვევიათ – საარჩევნო პროგრამისათვის დიდი მნიშვნელობა  არც ამჯერად მიუნიჭებიათ. 

პროგრამები ხშირად ზედაპირულია და არ შეიცავს სათანადო გათვლებს, რაც უხვად გაცემულ სოციალურ და სხვა სახის დაპირებებს დაასაბუთებდა. ამასთან, ბევრმა მათგანმა პროგრამა არჩევნებამდე მხოლოდ რამდენიმე კვირით ადრე გამოაქვეყნა.

სახელისუფლებო პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამის გაცნობის საშუალება სულ რამდენიმე დღის წინ მისცა. იგივე შეიძლება ითქვას ნინო ბურჯანაძის „გაერთიანებულ დემოკრატებზეც“, რომლებმაც დოკუმენტი სწორედ ახლა, არჩევნებამდე სამი კვირით ადრე წარმოადგინეს.

იმ პარტიების ჩამონათვალში, რომლებმაც ამ დროისათვის მოსახლეობას საკუთარი ხედვა უკვე გააცნეს, ასევე შედიან „ეროვნული ფორუმი“, რესპუბლიკური პარტია,  „ნაციონალური მოძრაობა“, „თავისუფალი დემოკრატები“, „პატრიოტთა ალიანსი“ და „გირჩი“, თუმცა, ამ უკანასკნელის შემთხვევაში საქმე მაინც გაურკვევლობასთან გვაქვს, რადგან მას შემდეგ, რაც „გირჩს“ კიდევ რამდენიმე პარტია – „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისათვის“, „ახალი მემარჯვენეები“ და გიორგი ვაშაძის „ახალი საქართველო“ – შეემატა,  გაჩნდა კითხვა, თუ ვისი პროგრამით ისარგებლებდა გაერთიანება.

თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ მათ „გირჩის“ პროგრამა უნდა გამოეყენებინათ, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ პაატა პურჭულაძის პარტიას საკუთარი და „გირჩისაგან“ საკმაოდ განსხვავებული პროგრამა აქვს, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. საბოლოოდ, პარტიები ორი პროგრამის შერწყმაზე შეთანხმდნენ, მაგრამ ჯერჯერობით ეს გაერთიანებული პროგრამა არ გამოქვეყნებულა.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ის პროგრამებიც კი, რომლებიც პარტიებმა წარმოადგინეს, მკითხველს სრულს ინფორმაციას არ სთავაზობს. არ ჩანს, რა გათვლებს ეყრდნობა ესა თუ ის დაპირება, ვინ იმუშავა პროგრამების შედგენაზე – მხოლოდ პარტიულმა აქტივმა, თუ მოწვეულმა სპეციალისტებმა. არ ჩანს, რამდენად აქვს პარტიას გააზრებული თითოეული ნაბიჯის, რეფორმისა თუ ინიციატივის უარყოფითი მხარეები, რისკები და საჭირო სახსრები.

ამომრჩეველს არ ეძლევა შესაძლებლობა შეაფასოს სრული სურათი და თუკი, მაგალითად, მას პენსიის გაზრდას ჰპირდებიან, არავინ ეუბნება, თუ რას მოაკლდება ამისათვის საჭირო თანხა, რათა ამომრჩეველმა თავად გადაწყვიტოს, მისთვის რა უფრო პრიორიტეტულია.

ზოგიერთი პარტიის მიერ წარმოდგენილი საკმაოდ ვრცელი პროგრამის უდიდესი ნაწილი არა პარტიულ შემოთავაზებებსა და ხედვას ეთმობა, არამედ ისტორიულ წიაღსვლებს, წინა ხელისუფლებების მიერ გადადგმული ნაბიჯების კრიტიკას და არსებული მდგომარეობის მიმოხილვა-შეფასებას. ხშირ შემთხვევაში, ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით არ ჩანს პარტიის ხედვა. ანუ, პარტია გვთავაზობს რეალობის კრიტიკას, მაგრამ არაფერს გვეუბნება პრობლემების გადაჭრის გზებზე.

რაც შეეხება იმ ნაწილებს, სადაც ამა თუ იმ პარტიას თავისი გეგმა წარმოდგენილი აქვს, ის მეტად ზოგადი და ბუნდოვანია. წერია „გავაკეთებთ“, მაგრამ არ წერია როგორ. შესაბამისად, მკითხველს არ ექმნება სრული წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა ტიპის გათვლებს ემყარება მათი დაპირებები.

ცალკე აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ პარტიას ამ დრომდე არ გააჩნია ვებ-გვერდი, ან გააჩნია, მაგრამ იგი არ ფუნქციონირებს. მაგალითად სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ვებ-გვერდზე შესვლა უკანასკნელ დღეებამდე შეუძლებელი იყო. იგი უბრალოდ არ არსებობდა.

იმისათვის, რომ ამომრჩეველმა ზოგიერთი პარტიის ხედვების, მიზნების, დაპირებების შესახებ რაიმე გაიგოს, იძულებული ხდება პარტიების წარმომადგენლების მიერ ამა თუ იმ სატელევიზიო გადაცემაში, პრესასთან თუ ინტერნეტ-სააგენტოებთან გაკეთებულ განცხადებებს დაეყრდნოს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ პარტიების უმეტესობას საკუთარი გუნდის დაპირებებსა და გათვლებზე ჟურნალისტებთანაც კი არ უსაუბრია.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2016
M T W T F S S
« Aug    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930