ამბები

ვინ იქნება „რესპუბლიკური პარტიის“ პირველი ნომერი?

by | Jun 30, 2016

davit_usupashviliპარლამენტის თავმჯდომარე, „რესპუბლიკელი“ დავით უსუფაშვილის აცხადებს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შემდეგ ის პოლიტიკურ ლიდერად გააქტიურდება, მანამდე კი პარტიის სახელით პოლიტიკაზე ვერ ილაპარაკებს.

„როგორც კი დავასრულებთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, მე თქვენ მოგევლინებით, როგორც არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ლიდერი. აი, მაშინ ვილაპარაკოთ კვლევებზეც პროცენტებზეც, შანსებზეც, გამარჯვებაზეც, დამარცხებაზეც და ყველაფერზე. 5 ივლისიდან გპირდებით, რომ ვიქნები თქვენს განკარგულებაში, როგორც არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ლიდერი,“- განაცხადა უსუფაშვილმა, რომელმაც ჟურნალისტებთან შეხვედრისას უპასუხოდ დატოვა ყველა ის კითხვა, რომელიც თბილისში დაგეგმილ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას არ უკავშირდებოდა.

არც იმას უპასუხა, იქნება თუ არა რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნომერი.

ცნობისათვის, ეუთოს საპარლამენტო სხდომა თბილისში 1-5 ივლისს გაიმართება, სადაც მონაწილეობის მისაღებად რუსეთის დელეგაციას ჩამოდის და ამ სხდომაზე ასევე აირჩევენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსაც, სადაც ერთ-ერთ კანდიდატად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგი წერეთელიც დასახელდება, თუმცა  მის მხარდაჭერას „ქართული ოცნება“ არ აპირებს.

აღსანიშნავია, რომ 8 ივლისს საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო, თუმცა რესპუბლიკურ პარტიას, რომელსაც მთავრობაში 3 მინისტრი ჰყავს, კამპანია ოფიციალურად არ გაუხსნია და არც საკუთარი კანდიდატების წარდგენა დაუწყია ჯერ. ამდენად ცნობილი არ არის, ვინ იქნება საარჩევნო სიაში და ვინ დასახელდება მაჟორიტარად; იქნება თუ არა პირველი ნომერი დავით უსუფაშვილი, ან იქნებიან თუ არა სიაში „რესპუბლიკელი” მინისტრები – თინა ხიდაშელი, პაატა ზაქარეიშვილი და გიგლა აგულაშვილი.

თავად პარტია „ქართულ ოცნებაშიც“ მოლოდინია იმის, რომ პარტიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გახსნისას „რესპუბლიკელი“ მინისტრები თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და ეს ივლისში უნდა მოხდეს. სავარაუდოდ, ვარშავის ნატო-ს სამიტის შემდეგ, რომელიც 8-9 ივლისს იმართება, რადგან „ოცნების” წევრების თქმით, სამიტის წინ მინისტრის ცვლილება დასავლეთში კითხვებს გააჩენს.

როგორც პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს აქვს გაცხადებული, ვარშავის სამიტზე ხიდაშელის წასვლა კარგი იქნება. მას მაისში „იმედთან“ ინტერვიუში ნათქვამი აქვს ისიც, რომ „რესპუბლიკელი“ მინისტრების შემცვლელებიც ჰყავს შერჩეული, მაგრამ როდის მოხდება ცვლილება, ეს გადაწყვეტილი არ არის. პრემიერმა იგივე გაიმეორა ორშაბათს, 27 ივნისსაც და თინა ხიდაშელის შესაძლო გათავისუფლების შეკითხვაზე საპასუხოდ თქვა, რომ „ეს საკითხი მოგვიანებთ გახდება ცნობილი“. როდის, ეს არ დაკონკრეტებულა.

თავად „რესპუბლიკელებს“ მთავრობის გუნდში პორტფელების შენარჩუნება ბოლომდე სურთ. ლევან ბერძენიშვილის თქმით, მინისტრების შეცვლას წყვეტს პრემიერი ან პარტია, პარტიას კი სურს, რომ მათი მინისტრები ბოლომდე დარჩნენ. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, პარტიამ საარჩევნო სიის წევრებზე განცხადება ცესკოში არჩევნებამდე არაუგვიანეს 30 დღის ვადაში უნდა შეიტანოს, შეტანიდან არაუგვიანეს მეორე დღისა კი მინისტრები თანამდებობიდან უნდა გადადგნენ. კანონის მოხედვით მინისტრებს პორტფელების შენარჩუნება 10 სექტემბრამდე შეუძლიათ. პარლამენტის თავმჯდომარეს საარჩევნო სიაში დასახელების გამო თანამდებობასთან შეუთავსებლობა არა აქვს.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031