ენგურის გამშვები პუნქტის დაკეტვის გამო, სტუდენტები გალიდან ზამთრის სესიებზე გამოცდების ჩასაბარებლად დანარჩენ საქართველოში გადასვლას ვერ ახერხებენ. როგორც DFWatch-ს გალელმა სტუდენტმა უთხრა, რომელიც თბილისის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ბაკალავრიატზე სწავლობს, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, “საზღვრის” გადაკვეთის უფლებას არ აძლევენ და ამის გამო სასწავლებელში სერიოზული პრობლემა ექმნება.
“საახალწლო არდადეგებზე სახლში ჩამოვედით, საზღვარი კი ჩაიკეტა. ახლა გამოცდების პერიოდია და გადასვლას ვერ ვახერხებთ. ვინც გადასვლა ვერ მოასწრო ჩაკეტვამდე, ყველა ამ პრობლების წინაშე ვართ,” – ამბობს სტუდენტი.
DFWatch-ის ხელთ არსებული მონაცემებით, ასეთი პრობლემის წინაშე, სულ მცირე, 20 სტუდენტია.
ისინი თხოვნით მიმართავენ თავიანთ სასწავლებლებს, ეს პრობლემა გაითვალისწინონ.
შეგახსენებთ, რომ დე ფაქტო რეჟიმმა, ე.წ. ღორის გრიპის გავრცელების თავიდან არიდების საბაბით, ენგურის გამშვები პუნქტი 11 იანვარს ორი თვით, 10 მარტამდე ჩაკეტა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.