“ჩვენს სოფელში სასმელი წყლის მხოლოდ ერთი ხაზია გამოყვანილი, ისიც დაბინძურებული არხიდან მოდის. არხი სავსეა-ხოლმე მკვდარი ძაღლებითა და კატებით. სხვა გზა არა გვაქვს, იძულებულები ვართ ეს წყალი დავლიოთ. არის შემთხვევები, როცა ეს დაბინძურებული წყალიც სანატრელი გვაქვს,”– ამბობს ვალიადდინ კერიმოვი, რომელიც დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკეში ცხოვრობს.
ვაკე დმანისიდან 5 კმ-ის მოშორებით მდებარეობს. სოფელში ამჟამად 80-მდე ოჯახი ცხოვრობს. ისინი ეთნიკური აზერბაიჯანელები არიან.
ვალიადდინ კერიმოვი 64 წლისაა. წყლის მოსატანად იძულებულია ყოველდღე მეზობელ სოფელში წავიდეს: “მეზობელი სოფლების მოსახლეობა არხის წყალს სარწყავად იყენებს და ჩვენამდე წყალი ვეღარ აღწევს. ყოველი არჩევნების წინ გვპირდებიან, რომ პრობლემას მოაგვარებენ. არჩევნების დროს წყალი გვაქვს-ხოლმე, მაგრამ არჩევნებიდან 1-2 თვის შემდეგ წყალი ისევ წყდება.“
რეიჰან კალოვანი ამბობს, რომ სოფლის ქალების დროის დიდი ნაწილი ყოველდღე წყლის მოტანას ხმარდება: “იმდენად მძიმე მდგომარეობაში ვართ, რომ წვიმის წყალსაც ვაგროვებთ. როცა წვიმს, გარეთ კონტეინერებს ვდებთ, ვავსებთ და შემდეგ ამ წყლით ჭურჭელს და ტანსაცმელს ვრეცხავთ.”
ამიდ ოსმანოვის თქმით, სოფელში სარწყავი წყლის შეყვანა იგეგმებოდა. მილების ნაწილი უკვე გაყვანილიც იყო, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობისთვის მოულოდნელად მილები ამოყარეს: “ჩვენს მეზობლად არის სოფელი ჯავახეთი. იქ ძირითადად ქართველები ცხოვრობენ. იმისათვის, რომ ჯავახეთში სარწყავი წყალი გაეყვანათ, სამი წლის წინ ჩვენს სოფელში ჩაყრილი წყლის მილები ამოიღეს და იქ წაიღეს.”
ვაკეში სასმელი და სარწყავი წლის არარსებობის გარდა სხვაც ბევრი პრობლემაა: არ არის კანალიზაცია, ბუნებრივი აირი და გზებიც მოუწყობელია. ადილხან იუსუბოვი ამბობს, რომ წვიმის დროს სოფელში მანქანა ვეღარ ადის, თოვლიან და წვიმიან ამინდში კი სოფლის გზებზე მხოლოდ ტრაქტორი თუ გაივლის:
“გზები ჩვენი მოუგვარებელი პრობლემაა. არც გაზი გვაქვს, არც წყალი. სასმელი წყალი, რომელსაც ვსვამთ, დაბინძურებულია. ორი წლის წინ, ზაფხულში, როდესაც ძალიან ცხელოდა, მთელი სოფელი მოიწამლა. ექიმებმა წყლის ნიმუში ლაბორატორიაში გაგზავნეს და გვითხრეს, რომ ჩვენი მოწამვლის ძირითადი მიზეზი წყალი იყო. გვირჩიეს, რომ ეს წყალი სასმელად არ გამოგვეყენებინა.”
“არ მესმის, ჩვენ მიმართ ხელისუფლებას ასეთი დამოკიდებულება რატომ აქვს. ერთ მაგალითს გეტყვით: არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მმართველმა პარტიამ წყლის მოსატანი ჭურჭელი დაგვირიგა. აი, ასეა: ჩვენ ხმას ვაძლევთ იმათ, ვინც წყლის გამოყვანის ნაცვლად წყლის მოსატან კონტეინერებს გვირიგებს,” – ამბობს ამრახ ოსმანოვი.
ვაკის გამგებელი ბახრამ მურადოვი აცხადებს, რომ სოფლის პრობლემები მალე მოგვარდება: “სახელმწიფო დაჰპირდა მოსახლეობას, რომ წყლის პრობლემა, უახლოეს მომავალში მოგვარდება. კონკრეტულად როდის, ამას ვერ გეტყვით. ხელისუფლება გზების პრობლემის თაობაზეც ინფორმირებულია. გაზის შემოყვანა კი „სოკარზეა“ დამოკიდებული. ბევრი სამუშაოა, რამდენ ხანში მოგვარდება ეს პრობლემები, ზუსტად ვერ გეტყვით.”
რეიხან კალოვანი სოფლის ოღროჩოღრო გზებზე ბიდონებით სავსე ურიკას მიაგორებს და წყლის მოსატანად მიდის. მალე დაღამდება. რეიხანმა იცის, რომ შვებას არც ახალი დღე მოუტანს.
ხაიალ აზიზოვი
სტატია მომზადებულია “თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის” პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ფონდის – “ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის” ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორთა და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პოზიციას.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.