14037568_10207494504784386_1006044874_o

ახალი ტერმინალის მაკეტი (TAV Georgia)

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგაც ის წელიწადში 3,5 მილიონ მგზავრს მოემსახურება,  გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, უთხრეს DFWatch-ს  აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში და აღნიშნეს, რომ ამ ეტაპზე საძირკვლის ჩაყრის სამუშაო მიდის.

მშენებლობას, რომელიც 2017 წლის ბოლოს დასრულდება, აეროპორტის ოპერატორი კომპანია TAV Urban Georgia ახორციელებს.  ახალი ტერმინალის საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც მგზავრთა ნაკადი ყოველწლიურად იზრდებოდა, გასულ წელს კი 1,8 მილიონს გადააჭარბა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და TAV Georgia-ს შორის დადებული ხელშეკრულებით, იმ შემთხვევაში, თუ მგზავრების ნაკადი წელიწადში 1,8 მილიონს გადააჭარბებდა, „ტავს“ ვალდებულება ჰქონდა აღებული, რომ ჩამოფრენილი მგზავრებისათვის ახალი ტერმინალის მშენებლობა დაეწყო და ახლა სწორედ ეს შეთანხმება სრულდება.

წლების მიხედვით კი თბილისის აეროპორტის მგზავრთა სტატისტიკა ასეთია:

  • 2010 წელს აეროპორტით 822 772-მა მგზავრმა ისარგებლა;
  • 2011 წელს – 1,06 მილიონმა;
  • 2012 წელს – 1,22 მილიონმა;
  • 2013 წელს – 1,44 მილიონმა;
  • 2014 წელს – 1,58 მილიონმა;
  • 2015-ში კი 1,85 მილიონმა.

ახალი ტერმინალის ფართობი, რომლის მშენებლობასაც საფუძველი მიმდინარე წლის 27 ივნიის ჩაეყარა, 12 000 კვ/კმ იქნება. მშენებლობაზე 500-მდე ადამიანი უნდა დასაქმდეს. ტერმინალის მშენებლობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების პროექტის ნაწილია, რომელიც ასაფრენი ზოლის, სამიმოსვლო ბილიკების რეაბილიტაციას, მოფრენის ტერმინალის 5 ახალ სადგომსა და მგზავრთა ჩასხდომის ხიდით უზრუნველყოფას მოიცავს.

გარდა ახალი ტერმინალისა, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, 12-კვირიანი სამუშაოების შემდეგ, 14 ივლისს ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი გაიხსნა.

როგორც DFWatch-ს აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს, ასაფრენი ბილიკი ოც წელზეა გათვლილი, რაც ნიშნავს რომ 2036 წლამდე მას განახლება და რეაბილიტაცია არ დაჭირდება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სანავიგაციო სისტემების განახლებაში 70 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.  ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე,  ასევე, ახალი განათება დამონტაჟდა,  რისთვისაც 10 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ეს სისტემა ფრენის უსაფრთხოების დონეს უფრო აამაღლებს და საჰაერო ხომალდებს ძლიერი ნისლის, ცუდი მეტეოპირობებისა და მხედველობის დროს, აფრენა-დაფრენას მნიშვნელოვნად  გაუადვილებს.

ცნობისთვის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2005 წლის 31 ოქტომბრიდან  თურქული კომპანია TAV Urban Georgia-ს მმართველობაში იმყოფება. ამ კომპანიას მართვის უფლება 2027 წლის ნოემბრამდე აქვს.