ფოტო: დაპირისპირება ისმაილ მუსუკაევსა (მარცხნივ) და ვიქტორ ლებედევს შორის იაკუტსკში (news.ykt.ru)

დაპირისპირება ისმაილ მუსუკაევსა (მარცხნივ) და ვიქტორ ლებედევს შორის იაკუტსკში (news.ykt.ru)

რუსეთის თავისუფალ ჭიდაობაში დიდი სკანდალია – დაღესტნის გუნდმა სრული შემადგენლობითა და დემარშით დატოვა ქვეყნის ჩემპიონატი და არავინ იცის, წავლენ თუ არა  ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკის ტიტულოვანი მოჭიდავეები ბრაზილიაში ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთის ღირსების დასაცავად.

პრობლემა გასულ პარასკევს, 27 მაისს დაიწყო, როდესაც თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ჩემპიონატის მეოთხედფინალში დაღესტნელ სპორტსმენს შერკინება ხელოვნურად წააგებინეს, რასაც დიდი ჩხუბი და აურზაური მოჰყვა. სიტუაციის განმუხტვა მხოლოდ „ომონის“ სპეცრაზმის საშუალებით გახდა შესაძლებელი. მეორე დღეს კი დაღესტნის თავისუფალი ჭიდაობის მთელმა გუნდმა შეჯიბრი დემარშით დატოვა.

რუსეთის ეს ჩემპიონატი, ამავე დროს ბრაზილიის 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირია. დაღესტნელების პროტესტმა რუსეთის ფედერაციის სპორტის სამინისტროსა და ჭიდაობის ფედერაციას დიდი თავსატეხი გაუჩინა.

dahes

იაკუტი ალმასების მაგნატი მიხაილ ევერსტოვი და მისი სიძე, ვიქტორ ლებედევი (www.sakhanews.ru)

რუსეთის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში 27-29 მაისს იაკუტიის დედაქალაქ იაკუტსკში ჩატარდა, სადაც 44 რეგიონიდან 200-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. სხვადასხვა წონით კატეგორიებში გამოვლინდა 9 ჩემპიონი.

კონკრეტულად ეს ინციდენტი კი ასე დაიწყო: ნახევარფინალში 57 კგ წონით კატეგორიაში ერთმანეთს ხალიჩაზე ადგილობრივი, იაკუტი სპორტსმენი, ორგზის მსოფლიო ჩემპიონი ვიქტორ ლებედევი და დაღესტნის გუნდის წარმომადგენელი, ეთნიკურად ბალყარელი ისმაილ მუსუკაევი დაუპირისპირდნენ. მსაჯის მიერ დაწერილი ქულებით მასპინძელმა სპორტსმენმა გაიმარჯვა – 4:3, რასაც მოჰყვა დიდი არეულობა. აღსანიშნავია, რომ ბოლო წამებამდე ანგარიში 3:3 იყო, თუმცა შერკინების დასრულებამდე 10 წამით ადრე ლებედევს, ყველასთვის მოულოდნელად, ქულა მიანიჭეს, რიტაც მან მატჩი მოიგო.

დაღესტნელმა მოწინააღმდეგეს ხელი ჰკრა, ტრიბუნებიდან დაიწყო ბოთლების სროლა, ხოლო მოედანზე გამოიძახეს სპეცრაზმი.

დაღესტნელებმა შედეგი იქვე გაასაჩივრეს. 3-საათიანი მსჯელობის შემდეგ ჟიურიმ მსაჯის შეცდომა აღიარა. თქვა, რომ შედეგი 4:2 უნდა ყოფილიყო დაღესტნელი სპორტსმენის სასარგებლოდ, თუმცა წესების მიხედვით ორთაბრძოლის შედეგი იგივე დარჩა, მხოლოდ მსაჯთა ბრიგადას მიეცა დისკვალიფიკაცია. ამ გადაწყვეტილების გამო იმ დღეს არც ერთი დაღესტნელი მოჭიდავე ხალიჩაზე აღარ გავიდა, ხოლო შაბათს დილით მთელმა გუნდმა ტურნირი დატოვა. მათ არც დაღესტნის მეთაურის, რამაზან აბდულატიპოვს უგდეს ყური, რომელიც სპორტსმენებს ქვეყნის ჩემპიონატში მონაწილეობის გაგრძელებისკენ მოუწოდებდა.

დაღესტნელების ქმედებებს „არასწორსა და ულამაზოს“ უწოდებს რუსეთის სპორტის მინისტრი ვიტალი მუტკო და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, ოლიმპიურ ჩემპიონს, მიხეილ მამიაშვილს სთხოვს, სიტუაცია და მათ შორის მსაჯობაც, კონტროლზე აიყვანოს.

მამიაშვილი კი ამბობს, რომ „სიტუაცია ურთულესია“.

„სიტუაცია დეტალურად უნდა გავარკვიოთ ორშაბათ-სამშაბათს. ყველაზე უარესია ის, ვინც  ეს გადაწყვეტილება მიიღო, და მიღწეული შეთანხმების დარღვევით ბიჭები სიტუაციის მძევლებად აქცია,“- ამბობს მამიაშვილი.

აღსანიშნავია, რომ მოჭიდავე ვიქტორ ლებედევი იაკუტი ალმასების მაგნატის, მიხაილ ევერსტოვის სიძეა. ევერსტოვი არის მსოფლიოში უდიდესი ალმასების მომპოვებელი კომპანიის, „ალროსას“ პრეზიდენტის თანაშემწე და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი პუტინის პარტიიდან „ედინაია როსია“. აღსანიშნავია, რომ „ალროსა“ თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი სპონსორია.

ამ ინციდენტის შემდეგ ევერსტოვმა ცეცხლზე ნავთი დაასხა, როდესაც განაცხადა, რომ დაღესტნელებმა ჩემპიონატზე „დაბალი კულტურა“ აჩვენეს და რუსეთის ნაკრები ოლიმპიადაზე მათ გარეშეც წარმატებას მიაღწევს.

ამ განცხადებამ დაღესტანში საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია.