946124_1137979279554807_6826171788927359476_n

Inga Grigolia (Facebook)

ტელეწამყვანმა, ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში საკუთარი საინფორმაციო გადაცემის დაწყებისას თქვა, რომ ის არის ერთ-ერთი, ვისაც ფარული ჩანაწერის გავრცელებით დაემუქრნენ.

სოციალურ ქსელ Youtube-ის მეშვეობით ორშაბათს ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი, ინტიმური ცხოვრების ამსახველი კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი გავრცელდა. ამ ვიდეოს ტან ახლდა იმ ადამიანების ჩამონათვალი, ვის შესახებაც მორიგი ჩანაწერები გამოქვეყნება იგეგმება.

გრიგოლიამ აღნიშნა, რომ მას ამ მუქარის არ ეშინია და არც არსად წასვლას აპირებს.

„დღეს მორიგი ვიდეო გავრცელდა,რომლითაც  ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გასაჯაროებით დამემუქრნენ, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანას არ დავტოვებ.  მე ინგა ვარ გრიგოლია… ქალი, შვილი, დედა, და, მეგობარი, მყავს არაჩვეულებრივი შეყვარებული, მაქვს სექსი და ასეც ვაპირებ გავაგრძელო ჩემი ცხოვრება. ხოლო თქვენ კი, ვინც ჩემი პირადი ცხოვრების გასაჯაროებით მემუქრებით და მოითხოვთ,რომ ქვეყანა დავტოვო, პირობას გაძლევთ, თავს შევაკლავ ჩემი და სხვა ადამიანების უფლებების დაცვას და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამ კადრების გადამღებიც და განმახორციელებელიც ციხეში მრავალი წლით აღმოჩნდეთ.

„წლების წინ მე შვილის მოკვლის მუქარამ ვერ გამაჩერა და ვერ გამაჩუმა და ეს საქმე დღემდე გამოუძიებელი დევს სოდ-ში. თუმცა არასოდეს ამაზე პირდაპირ ეთერში არ მისაუბრია. ახლა კი გადავწყვიტე სწორედ პირდაპირ ეთერში ღიად გავხსნა თემა და პირობა დავდო, რომ ბოლომდე ჩავყვები ჩვენი უფლებების დაცვას და ვერანაირი შანტაჟით ვერ გამაჩუმებთ. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე მსგავსი შანტაჟის და მუქარის არ მეშინია და არც გაჩუმებას ვაპირებ. უფრო მეტად მოვედი ბრძოლის ხასიათზე. არსად წასვლას არ ვაპირებ! დააშანტაჟეთ და შეაშინეთ, ვინც შეგიშინებიათ!“ – აღნიშნა ჟურნალისტმა.