დაკავებული პირისთვის, დამკავებელი ორგანოს მხრიდან მისი უფლებების არგაცნობა; თარჯიმნით სარგებლობის პრობლემა, განსაკუთრებით სომხურ, აზეირბაიჯანულ ენებზე; ადვოკატის ჩართულობის პრობლემა დაკავებული პირის პირველად დაკითხვის პროცესში – ეს ის ძირითადი ხარვეზებია, რაც ფონდმა „ღია საზოგადოება საქართველომ“ დაკავებულთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლისას გამოავლინა.
ამ პროექტის ფარგლებში დაქირავებულმა დამოუკიდებელმა ექსპერტებმა ერთი თვის განმავლობაში, პოლიციის სამ განყოფილებაში – თბილისში, ქუთაისსა და თელავში – 2014-2015 წლებში დაკავებულთა დაახლოებით 200 შემთხვევა შეისწავლეს და გამოვლენილი ხარვეზების საფუძველზე რეკომენდაციებიც შეიმუშავეს. მომდევნო ერთი თვე კი პროცესის მონიტორინგს, სამართალდამცველებისა და ადვოკატების გამოკითხვას დაეთმო.
როგორც ექსპერტმა გიორგი მშვენიერაძემ ჟურნალისებს განუცხადა, კვლევის მიზანი საკანონმდებლო და პრაქტიკული ხარვეზების გამოკვლევა იყო.
„გამოიკვეთა, რომ არის ხარვეზები იურიდიულ დახმარებაზე წვდომასთან დაკავშირებით, პრობლემები დაკავებული პირების დოკუმენტირებასთან და მათ პოლიციის დაწესებულებეში გადაყვანასთან. ასევე გარკვეული პრობლემებია ე.წ. გასაუბრების პრაქტიკასთან დაკავშირებით, რომელიც ცდება მართლმსაჯულების განხორციელების ფარგლებს. ძირითადად არის შემთხვევები, როცა დაკავებულს გამომძიებელი განუმარტავს თავის უფლებებს, თუმცა ეს ვერ ხდება მაშინ, როცა ადამიანს აკავებს რიგითი პოლიციელი. ასეთ შემთხვევაში ის ვერ სარგებლობს თავისი უფლებებით, იქნება ეს უფასო თუ ზოგადად იურიდიული დახმარება, ჯანმრთელობის მდგომარეობის სამედიცინო შემოწმება”, – განაცხადა მშვენიერაძემ.
კვლევის ავტორები ასევე აცხადებენ, რომ ხშირ შემთხვევაში პირის პირველადი დაკითხვის დროს ის ადვოკატით ვერ სარგებლობს. ამასთან დაკავშირებით ექსპერტების რეკომენდაციაა, რომ ხარვეზის აღმოსაფხვრელად დაკავებული პირის ადვოკატთან დაკავშირება ტელეფონით მოხდეს.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სამართალდამცავები, უმეტეს შემთხვევებში, დაკავებულს მის უფლებებს პოლიციის დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ წერილობით უმარტავენ. მათივე თქმით, სასურველია სამართალდამცავმა პირმა დაკავებულს ზეპირსიტყვიერად განუმარტოს მისი უფლებები მისთვის გასაგები ფორმით, რათა ამ უფლებებით სარგებლობის საშუალება მისცეს.
კვლევაში საუბარია იმ ხარვეზებზეც, რაც მოწმის დასაკითხად გადაყვანის საკითხს ახლავს, რადგან საქართველოს კანონმდებლობა არ აკონკრეტებს, სად უნდა გადაიყვანონ მოწმე დაკავების შემდეგ – პოლიციის დაწესებულებაში თუ სხვა იზოლატორში.
როგორც ექსპერტები ამბობენ, კვლევამ აჩვენა, რომ ხშირად პოლიციის თანამშრომლებს ურჩევნიათ დაკავებული პოლიციის დაწესებულებაში გადაიყვანონ. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ იზოლატორში დაკავებულის უფლებების დაცვის მეტი გარანტიებია, უფრო გონივრული იქნება, ამ დაწესებულებების სათანადოდ აღჭურვა და დაკითხვის იქ ჩატარება.
კვლევის შედეგების თანახმად, ხარვეზებია დაკავებული პირის მიერ თარჯიმნით სარგებლობის პროცესშიც. რადგან როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში შინაგან საქმეთა სამინისტრო და მთავარი პროკურატურა მხოლოდ ინგლისური, გერმანული, ფრანგული ან რუსული ენის თარჯიმნებს ქირაობს. ექსპერტების შეფასებით, სისტემატურად ხდებოდა აზერბაიჯანული, სომხური და ქურთული ენების გამორიცხვა და გამომძიებლები იძულებულნი იყვნენ, საჭიროების მიხედვით მოეძებნათ თარჯიმნები ანაზღაურების გარეშე.
აღნიშნული კვლევის პრეზენტაცია, ოთხშაბათს „თბილისი მარიოტში“ გაიმართა. პრეზენტაციას პროკურორი ნათია მეზვრიშვილიც ესწრებოდა, რომელმაც კვლევა, “ძალიან მნიშვნელოვნად და საინტერესოდ” შეაფასა.
„ რეკომენდაციები ძირითადად პროკურორთა და გამომძიებელთა გადამზადებას მოიცავს და ამ საკითხის აღმოფხვრა შესაძლებელია”, – განუცხადა ჟურნალისტებს მეზვრიშვილმა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.