საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საგადასახადო კოდექსისა და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის ის ნორმები, რომელიც საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას სხვა რელიგიურ გაერთიანებებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში აყენებს და საგადასახადო და ქონებრივ შეღავათებს ანიჭებს. სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი რელიგიური სამმართველოს თავმჯდომარე მირთაღი ასადოვი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ქვეყნისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
„საქართველოში მცხოვრები რელიგიური უმცირესობებისთვის ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა. აქამდე მხოლოდ საქართველოს საპატრიარქო თავისუფლდებოდა დღგ-სგან ეკლესიებისა და ტაძრების მშენებლობის დროს და მხოლოდ მისთვის იყო ნებდართული სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ გადაცემა. დღემდე მეჩეთები ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და ჩვენ სარგებლობის უფლებით გვაქვს გადმოცემული. ახლა სამართალი აღდგა,” – აცხადებს მირთაღი ასადოვი.
სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი რელიგიური სამმართველოს დამფუძნებელი და ადმინიტრაციის წევრი რამალ მუსაევი ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ისარგებლებს ყველა რელიგიური ორგანიზაცია, მათ შორის ისიც, ვინც თავის დროზე, სარჩელის მომზადებისას, მათ არ შეუერთდა: “ამ ისტორიული გადაწყვეტილებით ყველა ორგანიზაცია და ყველა რელიგიური უმცირესობა ისარგებლებს. აქამდე რელიგიური იმცირესობები უსამართლოდ ვიჩაგრებოდით. მჯერა, რომ ჩვენ რელიგიურ სფეროში სამართლებრივი თვალსაზრისით ყველა უფლებას აღვიდგენთ.“
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი რამინ იგიდოვი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ ორგანიზაციას საკონსტიტუციო სასამართლოსთვის არ მიუმართავს, სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან დასაფასებელია: “ყველა რელიგიური ორგანიზაცია დღეიდან თანაბარ პირობებში ვიქნებით. ეს ძალიან დასაფასებელია. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან ის თანასწორობას უზრუნველყოფს.“
რელიგიურმა გაერთიანებებმა სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის ოქტომბერში და 2016 წლის ივლისში მიმართეს. ისინი საგადასახადო კოდექსის (168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი) იმ ნორმას ასაჩივრებდნენ, რომლის მიხედვითაც საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობა, რესტავრაცია და მოხატვა დღგ-ის გადახდისგან თავისუფლდება.
რელიგიურმა გაერთიანებებმა სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის (63-ე მუხლის პირველი პუნქტი) ის „უთანასწორო“ ნორმაც გაასაჩივრეს, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ქონება უსასყიდლოდ საკუთრებაში მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოს გადაეცემა.
ორივე სარჩელთან მიმართებით, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ დისკრიმინაციის აღმოფხვრა შესაძლებელია როგორც განხილული პრივილეგიის სრული გაუქმებით, ისე მისი არსებითად თანასწორ პირებზე ერთნაირად გავრცელებით. ამასთან, “ეკლესიისთვის გარკვეული უფლების მინიჭება არ გულისხმობს იმავე უფლებით სხვა რელიგიური ორგანიზაციების მიერ სარგებლობის ხელშეშლას“.
გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ 3 ივლისს მიიღო. არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმები ძალადაკარგულად 2018 წლის 31 დეკემბერს გამოცხადდება.
ნურანა მამმადი
სტატია მომზადებულია “თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის” პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ფონდის – “ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის” ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორთა და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პოზიციას.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.