mokhe_scuffles

პოლიციასა და მუსლიმებს შორის შეტაკების შედეგად 14 ადამიანი დააკავეს. (Interpressnews.)

საქართველოს სახალხო დამცველი აპირებს, დააკვირდეს ახალი კომისიის მუშაობას, რომელიც სამხრეთ საქართველოს სოფელ მოხეში მეჩეთის გარშემო მიმდინარე კონფლიქტს შეისწავლის.

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ მისი აზრით ხალხის ნდობა კომისიის მიმართ შესაძლოა გაიზარდოს, თუ მის მუშაობაში პირადად, დამკვირვებლის სტატუსით, ჩაერთვება.

მისმა ოფისმა ამ საკითხზე ორშაბათს გააგზავნა მოთხოვნა რელიგიის სახელმწიფო სააგენტოში, რომელსაც კომისია ექვემდებარება.

„მოხარული ვიქნებით, თუ ომბუდსმენი ჩაებმება არა მხოლოდ როგორც დამკვირვებელი, არამედ აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ამ საკითხის განხილვაში,’’ განუცხადა DF Watch-ს ზაზა ვაშაყმაძემ, რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა.

მოხეს მუსლიმ და მარლთმადიდებელ მოსახლეობას შორის დაპირისპირება 2014 წლის 18 ოქტომბერს დაიწყო.

მუსლიმებმა შენობის მათთვის გადაცემა მოითხოვეს, მაგრამ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ამტკიცებდა, რომ შენობას კულტურული სტატუსი ჰქონდა და იქ სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა წამოეწყოთ.

ამის ფონზე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და ხულიგნობის ბრალდებით თოთხმეტი ადამიანი დააკავეს. სამი დაუსჯელად გაათავისუფლეს, დანარჩენები კი 250-250 ლარით დააჯარიმეს.

ადგილობრივი მუსლიმები მომხდარს მთელი კვირა აპროტესტებდნენ და შვილებს სკოლაში არ უშვებდნენ.

მუსლიმებმა სახელმწიფოს ის დაპირება შეახსენეს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, 2014 წლის ივნისში მისცეს, რომ ისინი მიიღებდნენ შენობას.

ამის პარალელურად, მართლმადიდებელმა სამღვდელოებამ შენობის საპატრიარქოსთვის გადაცემა მოითხოვა. მათ თქვეს, რომ აქ ოდესღაც იყო ეკლესია, რომელიც განადგურდა და ამ ადგილას მეჩეთი არასდროს ყოფილა.

კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ საქართველოში თითქმის ყველა მეჩეთს  სამლოცველოს ნაცვლად კულტურული ან სხვა სტატუსი აქვს. მათ რიცხვში შედის მოხეს მეჩეთიც, რომელიც ოფიციალურად ადგილობრივ ხელისუფლებას ეკუთვნის.

პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ნებისმიერი სახის ძალადობა და დაპირისპირება მიუღებელია, რომ მოხეს უკვე აქვს მეჩეთი და ადგილობრივ მუსლიმებს  ლოცვის პრობლემა არა აქვთ.

ადამიანთა უფლებების რამდენიმე ორგანიზაცია საქართველოში მიიჩნევს, რომ მოხეს საკითხი არის მუსლიმი თემის დევნის ფორმა. ისინი ხაზს უსვამენ, რომ ამან სისტემატიური ხასიათი მიიღო.

კომისია, რომელიც მოხეს კონფლიქტს უნდა გაუმკლავდეს, შეიქმნა რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს ფარგლებში და მასში შედიან კულტურის სამინისტროს, მუსლიმი თემისა და მართლმადიდებლების წარმომადგენლები. კომისია თავის პირველ სხდომას 2014 წლის 27 დეკემბერს გამართავს.