Orta_Jame_mosque_Batumi_2014-04-25

პარასკევის ლოცვა ბათუმის ორთა ჯამეს მეჩეთში. (DF Watch.)

საქართველოს მთავრობა ქვეყანაში მოქმედი ოთხი რელიგიური კონფესიის დაფინანსებას აორმაგებს, განაცხადა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა ოთხშაბათს.

ეს კონფესიებია კათოლიკური ეკლესია, სომხური სამოციქულო ეკლესია, ისლამი და იუდაიზმი.

სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა ვაშაყმაძემ დაამატა, რომ მომავალში ეს სია შესაძლოა გაფართოვდეს და კიდევ ორი ან სამი რელიგიური ჯგუფი დაემატოს. მისივე თქმით, ეს ჯგუფები შერჩეული ჯერ არ არის.

„ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე და მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგები დაგვეხმარება ამ პროცესში,’’ თქვა მან.

2014 წლის აღწერის საველე ეტაპი დასრულდა 19 ნოემბერს. წინასწარი შედეგები გამოქვეყნდება 2015 წლის აპრილში, საბოლოო შედეგები კი 2016 წლის აპრილში.

ვაშაყმაძემ განმარტა, რომ რელიგიური ჯგუფების საჯარო დაფინანსება ძირითადად განკუთვნილია კულტურული, საქველმოქმედო, საგანმანათლებლო და რელიგიური მომსახურებისთვის.

2014 წელს საქართველომ რელიგიურ ჯგუფებს 4.5 მილიონი ლარი გადაუნაწილა. საერთო თანხა თანაბრად გადანაწილდა ოთხ თემში, მაგრამ ეს გადაწყვეტილება დისკრიმინაციულად იქნა აღქმული ბევრის მიერ, რადგანაც იგი სხვა რელიგიურ ჯგუფებს არ მოიცავდა.

ვაშაყმაძემ თქვა, რომ 2015 წელს თანხა გაორმაგდება და ისევ თანაბრად გადანაწილდება. ოთხი თემი არჩეულ იქნა მათი წევრების რაოდენობის საფუძველზე.

ადრე საპატრიარქო, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მმართველი ორგანო, იყო ერთადერთი რელიგიური ჯგუფი საქართველოში, რომელსაც სახელმწიფო კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე აფინანსებდა, რომელიც ხშირად მოიხსენიება როგორც „კონკორდატი’’, ხელმოწერილი საპატრიარქოსა და სახელმწიფოს შორის 2002 წელს.

დოკუმენტის მიხედვით, წლიური დაფინანსების ძირითადი მიზეზი იყო ბოლშევიკების მმართველობის დროს 1920-30-იან წლებში ეკლესიის მიერ განცდილი ზარალი.

საპატრიარქომ 2014 წელს 24 მილიონი ლარი მიიღო და 2015 წელსაც იგივე ოდენობის თანხას მიიღებს. 2013 წელს საქართველოს ეკლესიამ სახელმწიფოსგან 22.8 მილიონი ლარი მიიღო.