ცნობილი საოპერო მომღერლის, თამარ ივერის თბილისელ გულშემატკივრებს მისი საქველმოქმედო კონცერტის სანახავად ორი თვე მოუხდებათ ლოდინი.
ქართული მედია-საშუალებები წერენ, რომ მას ტყუპები ეყოლა, რის გამოც კონცერტი 10 დეკემბრისთვის გადაიდო.
ამ ამბავს თავის ფეისბუქის გვერდზე არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ ხელმძღვანელი ირაკლი ვაჭარაძეც გამოეხმაურა და მომღერალს მიულოცა.
ქართველმა საოპერო მომღერალმა საქველმოქმედო კონცერტი მას შემდეგ დაგეგმა, რაც მისი გამოსვლა „ოპერა ავსტრალიასა“ და „ლე მონეში“ გაუქმდა. ეს კი მის ჰომოფობიურ განცხადებას მოჰყვა, რომელიც მომღერალმა 2013 წლის 17 მაისის მოვლენების შემდეგ დაწერა „ფეისბუქზე“. ამ დღეს დაგეგმილი იყო მცირერიცხოვანი აქცია ჰომოფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, თუმცა ათასობით რელიგიურმა რადიკალმა მათ ამის საშუალება არ მისცა.
წერილში თამარ ივერი სექსუალურ უმცირესობებს „ფეკალურ მასებს“ ადარებდა. წერილის გამო ივერს დღემდე აკრიტიკებენ და ამის გამო მას „ოპერა ავსტრალიაში“ 2014 წლის ივნისში გამოსვლის გაუქმება მოუწია.
2014 წლის ივლისში ბოდიში მოიხადა წერილის გამო და „იდენტობასთან“ ერთად პრესკონფერენცია გამართა, სადაც კონცერტის შესახებ გამოაცხადა. კონცერტი 11 ოქტომბერს იყო დაგეგმილი. ეს დღე კი საერთაშორისო „ქამინგ აუთის“ დღეა.
კონცერტი ეძღვნება ლგბტ პირებს და ყველას, ვინც ძალადობის მსხვერპლია.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.