რუსი სამხედროები სოფელ ატოცის შემდეგ სოფელ ხურვალეთშიც გამოჩნდნენ რამდენიმე ადგილას დამატებითი მავთულხლართების გასაბმელად.

საოკუპაციო რეჟიმმა ახალი ბოძების დამონტაჟება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთსა და ოკუპირებულ სოფელ ძუკაანთკარს (ძუკათა) შორის 13 ოქტომბერს დაიწყო, დაახლოებით 50 მეტრის მანძილზე, იმ ადგილზე, სადაც 2009 წლიდან მავთულხლართები ისედაც იყო დამონტაჟებული, თუმცა ახლა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, უფრო მყარი კონსტრუქციის ღობეების განთავსება ხდება.

ადგილობრივების თქმით, ოკუპირებულ მხარეს დარჩენილ ძუკაანთკარში მათ ნათესავები ჰყავთ და მავთულხლართების მიუხედავად მაინც ახერხებდნენ ურთიერთობასა და კონტაქტს, ახლა კი საოკუპაციო ძალა ცდილობს ამ მცირე კონტაქტსაც შეუშალოს ხელი.

საოკუპაციო რეჟიმმა ერთი კვირის წინ, 7 ოქტომბერს, ქარელის რაიონის სოფელ ატოცთანაც განაახლა დამატებითი მავთულხლართების გაბმა და მთელი ეს დღეებია საოკუპაციო ხაზზე საყრდენი ბოძების მონტაჟი მიმდინარეობს. სოფელ ატოცში საპრეზიდენტო კანდიდატებიც, სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძეც იყვენ ჩასულები და წინასაარჩევნო განცხადებებიც გააკეთეს.