საქართველოს ცნობადობისა და ტურისტების მოზიდვის მიზნით მასშტაბური მუსიკალური პროექტი Check-in Georgia იწყება, რომლის ფარგლებში 35-ზე მეტი სხვადასხვა მიმართულების ფესტივალი თუ კონცერტი ჩატარდება.
Check-in Georgia-ს ფარგლებში საქართველოს ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი, ხოსე კარერასი და Maroon 5 ესტუმრებიან. პროექტთან დაკავშირებით ხუთშააბათს ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და კულტურის მინისტრებმა, ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პრესკონფერენცია გამართეს.
პროექტი 2016 წლის აპრილიდან იწყება და წლის ბოლომდე გაგრძელდება. ის მოიცავს კულტურული ღონისძიებების სერიას, რომელიც თბილისსა და საქართველოს რეგიონებში გაიმართება. პროექტს ორგანიზებას კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი გაუწევს.
Сheck-in Georgia ფარგლებში პირველი კონცერტი 24 აპრილს გაიმართება – თბილისის სპორტის სასახლეში ეროს რამაზოტი იმღერებს; 27 მაისს თბილისის ”დინამო” სტადიონზე რობი უილიამსიის კონცერტი გაიმართება; შემდეგ იქნება Maroon 5 -ის კონცერტი 7 ივნისს ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. საოცრებათა მოედანზე; 18 ივნისს კი ხოსე კარერასის კონცერტი ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, თეატრის წინ გაიმართება.
კონცერტებს ადგილობრივი შოუ ბიზნესის წარმომადგენლებიც გამართავენ და ღონისძიებები პრაქტიკულად მთელ საქართველოს მოიცავს.
„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ღონისძიებები არ არის კონცენტრირებული დედაქალაქში და სულ 19-ზე მეტ ქალაქს მოიცავს. ამ პროექტში აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას ქართველი შემსრულებლები,“ – განაცხადა კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და აღნიშნა ისიც, რომ პროექტი მომავალშიც გაგრძელდება.
მთავრობა პროდიუსერებს ბათუმის საკონცერტო მოედანს სარგებლობისთვის სრულიად უსასყიდლოდ შესთავაზებს.
გიორგაძის თქმით, პროექტ cheсk-in georgia-ს ფარგლებში, ბათუმში საკონცერტო მოედნის მოწყობა იგეგმება, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე გახმოვანების აპარატურით, განათებით, სცენით, დაცვის მომსახურებით.
მთავრობის სარეზერვო ფონდიდან პროექტ Сheck-in Georgia-სთვის დაახლოებით, 29 მილიონი ლარი გამოიყოფა. ბილეთების ფასი 20-30 ლარიდან დაიწყება და მაქსიმუმ 90 ლარი იქნება.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.