სოხუმის რეჟიმი ბაბუშარას აეროპორტის აღდგენასა და მისთვის, არც მეტი არც ნაკლები, საერთაშორისო სტატუსის მინიჭებას გეგმავს. სეპარატისტულ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ აეროპორტში არსებულ სიტუატიას უკვე სწავლობს რუსული კომპანია და განსახორციელებული სამუშაოების გეგმაზე ანგარიშს ამზადებს.
თბილისში კი აცხადებენ, რომ საქართველოს თანხმობის გარეშე ბაბუშარას აეროპორტში საერთაშორისო მიმოსვლის დაწყება შეუძლებელი იქნება.
როგორც ჩანს, სოხუმში ისევ რუსეთთან “საერთაშორისო მიმოსვლის” იმედი აქვთ და თბილისის განცხადებებს ნაცნობი ცინიზმით პასუხობენ.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, აფხაზეთსა და სხვა ქვეყნებს შორის საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის დაუშვებლობის შესახებ კიდევ ერთი, უკვე ნაცნობი და აბსოლუტურად არადამაჯერებელი მცდელობაა აფხაზეთის იზოლირებისა. ეს არ გამოვა. ძალღი ყეფს, ქარვანი მიდის,“ – დაწერა თავის ფეისბუქზე აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ.
აფხაზური მედიით ცნობით, 26 ივლისს დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტმა სოხუმის არძინბას სახელობის აეროპორტის სტატუსისა და აფხაზეთის საჰაერო სივრცის გამოყენების შესახებ დოკუმენტი უკვე მიიღო. ამ გეგმის თანახმად იქ უნდა განთავსდეს როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო ავიაცია და საგანგებო სიტუაციების სამსახური.
შეგახსენებთ, რომ აეროპორტი გულრიფშის მუნიციპალიტეტის სოფლების დრანდისა და ბაბუშარის სიახლოვეს, სოხუმიდან დაახლოებით 20 კმ-ში მდებარეობს. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) მას საერთაშორისო მნიშვნელობის აეროპორტად არ აღიარებს, რადგან სცნობს საქართველოს ერთიანობას. აეროპორტი 1960-იან წლებშია აგებული და ის საქართველომ 1993 წელს დახურა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.