სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის მოადგილის, ლევან იზორიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, კიდევ ერთხელ გააქტიურდა ე.წ. ოდეერის ინსტიტუტის, ანუ სუს-ის მხრიდან სხვადასხვა უწყებაში საგანგებო დავალებით ჩანერგილი პირების, თემა.
თავიდან იზორიას მინისტრად დანიშვნას მისმა წინამორბედმა, თინა ხიდაშელმა „შეცდომა“ უწოდა. ხიდაშელის თანაპარტიელმა, „რესპუბლიკელმა“ დეპუტატმა თამარ კორძაიამ კი აღნიშნა, რომ „მიმდინარე საკადრო ცვლილებები, როდესაც ყველგან – მერიაში, თავდაცვის სამინისტროში, უსაფრთხოების სამსახურის კადრები ინიშნებიან, „ოდეერის” ინსტიტუტის საჯაროდ და ღიად გაგრძელებაა“.
ე.წ. ოდერეებზე ისაუბრა თავდაცვის ახლადდანიშნულმა მინისტრმა ლევან იზორიამ ტელეკომპანია „იმედის“ თოქ-შოუ „პოლიტიკაში“ და აღნიშნა, რომ „ქვეყანაში „ოდეერის ინსტიტუტი“ აღარ არსებობს. სხვადასხვა უწყებებში სინამდვილეში სუს-ის წარმომადგენლობაა და ეს არის აპრობირებული პრაქტიკა, მათ შორის ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში“.
იზორიას ამ განცხადებას თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა „ფეისბუქზე“ უპასუხა და „ტყუილი“ უწოდა.
„სწორედ ოდეერების საკითხზე ვიკამათეთ მე და შენ მწვავედ მთავრობის სხდომაზე (იმედია, ჩანაწერები არსებობს მთავრობის სხდომის), როდესაც იმ მრავალტანჯული კანონის გვერდის ავლით შემოგქონდა დებულება, სადაც სუსი ყველა უწყების -გენინსპექციის, შიდა აუდიტის, საფინანსო და შეყიდვების დეპარტამენტის, საერთაშორისო და პრტოკოლის დეპარტამენტების – ფუნქციებს ითავსებდა. სწორედ იმიტომ, რომ ჩემი ხმა არ გქონდა, ეს პროექტი მაშინ იმ სხდომაზე ვერ გავიდა. მერე არაფორმალურად დაიწყეთ იმის კეთება, რაც დებულებით ვერ დაკანონდა, თუმცა ჩემი ერთ-ერთი მივლინების დროს მაინც გაიტანეთ მთავრობაზე,“ – წერს ხიდაშელი „ფეისბუქზე“.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი აცხადებენ, რომ არა მარტო „ოდეერის ინსტიტუტი“, არამედ საერთოდ სუს-ი უნდა გაუქმდეს. ამის შესახებ, პარტიის წარმომადგენელმა სერგი კაპანაძემ სამშაბათს „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
კაპანაძის ამ განცხადებას სპეკულაციას და პოლიტიკურად ანგაჟირებულს უწოდებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მოადგილე გია ვოლსკი და ამბობს, რომ „სიტყვა „ოდეერი” სპეციალურად გამოიყენება იმ სამსახურის დაკნინებისთვის, რომელიც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობს“.
შეგახსენებთ, რომ „ოდეერის ინსტიტუტის“ შესახებ საუბარი მიმდინარე წლის მარტში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა დაიწყეს, რის შემდეგაც ამ პრაქტიკის არსებობა უნივერსიტეტში რექტორმა ლადო პაპავამაც დაადასტურა და კონკრეტული გვარიც დაასახელა.
„მე ეს სისტემა დამხვდა. ივა კავსაძე არის ოდეერი უნივერსიტეტში. მისი საქმიანობა არის გარკვეულწილად უსაფრთხოება უნივერსიტეტში, რამდენადაც მე ვარ ინფორმირებული,“-აღნიშნა უნივერსიტეტის მაშინდელმა რექტორმა ლადო პაპავამ.
თუმცა, სუს-ში მაშინაც ამბობდნენ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში ოდეერი წარმოდგენილი არ არის, არც დასახელებული პიროვნებაა სუს-ის თანამშრომელი.
ცნობისთვის, უშიშროების საკითხებში ოფიცერი, ანუ იგივე ოდეერი (დასახელება მოდის რუსული აბრევიატურიდან, ОДР – Офицер Действующего Резерва) არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) მხრიდან სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში საგანგებო დავალებით ჩანერგილი პირი, რომელიც უსაფრთხოებას აწვდის ყველანაირ ინფორმაციას იმაზე, თუ რა ხდება სტრუქტურაში. ანონიმურობის მიზნით, ის დაწესებულების ოფიციალური თანამშრომელი ხდება, მის შესახებ იცის მხოლოდ უწყების ხელმძღვანელმა, გაფორმებულია სხვადასხვა თანამდებობაზე, ხშირად მრჩევლის პოზიციაზე. მისი მისია გასაიდუმლოებულია და ძნელია იმის გადამოწმება, თუ რა სახის ინფორმაციას აგზავნის ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
ოფიციალურად გაცხადებულია, რომ ის სუს-ს აწვდის ინფორმაციას იმაზე, რაც უსაფრთხოების რეჟიმისთვის მნიშვნელოვანია. თუმცა როგორც უფლებადამცველები ამბობენ, იმდენად ბუნდოვანია თავად უსაფრთხოების რეჟიმი რას გულისხმობს, ე.წ. ოდეერებს დიდი საშუალება რჩებათ უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენონ.
ეს სისტემა წინა ხელისუფლებების დროსაც აქტიურად მუშაობდა. 2015 წელს კი, როდესაც შს სამინისტროსა და უშიშროების სამსახურები გაიყო, ოდეერის ინსტიტუტის რეფორმაც განხორციელდა. ახალი ხელისუფლება ბოლომდე ვერ შეელია ამ სისტემას, თუმცა მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა „მაღალი რისკის მქონე“ 25 სტრუქტურა, სადაც უშიშროების სამსახურის მუდმივი ყოფნა უსაფრთხოების რეჟიმის დასაცავად საჭიროდ ჩაითვალა. ამ ჩამონათვალში სასწავლო დაწესებულებები არ შედის.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.