sandro_baramidze_-_thea_tsuluiani

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. (ფოტო იუსტიციის სამინისტროს ვებსაიტიდან.)

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ანტიდისკრიმინაციული კანონის პროექტზე მუშაობა დაასრულა.

იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კანონპროექტის − “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” − საბოლოო ვერსია სამშაბათს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს, ექსპერტებს წარუდგინა.

იუსტიციის სამინისტრომ კანონპროექტზე მუშაობა 2013 წლის პირველ ნახევარში დაიწყო. სამინისტროს ინიციატივით, პროექტი არაერთხელ იქნა განხილული საჯარო შეხვედრებზე. მის შემუშავებაში, სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აქტიურად იყვნენ ჩართულნი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ექსპერტები, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები, გენდერული საკითხებით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა რეკომენდაციები და შენიშვნები დოკუმენტში აისახა. კანონპროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ კი იუსტიციის მინისტრმა მისი საბოლოო ვერსია ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციებს კიდევ ერთხელ გააცნო.

კანონპროექტში მოცემულია დისკრიმინაციის სამართლებრივი დეფინიცია, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელი იქნება დისკრიმინაციის კონკრეტული შემთხვევების იდენტიფიცირება და გამოვლენა.

კანონპროექტით პირდაპირ იკრძალება ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია. მათ შორის ასაკის; ჯანმრთელობის მდგომარეობის; შეზღუდული შესაძლებლობის; ორსულობის ან დედობის; გენდერული იდენტობის გამო. დისკრიმინაცია იკრძალება აბსოლუტურად ყველა სფეროში − საჯარო და კერძო დაწესებულებებში; დისკრიმინაციაზე პასუხისმგებლობა კი ეკისრება არა მხოლოდ საჯარო დაწესებულებებს, არამედ ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირს.

კანონპროექტი ითვალისწინებს თანასწორობის დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნას, რომელიც აღჭურვილი იქნება დისკრიმინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად ქმედითი მექანიზმებით. მას შეეძლება: ა) ჯარიმის დაკისრება, და ბ) დისკრიმინაციული ქმედების/შედეგის აღმოსაფხვრელად პირთათვის შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილების მიღება.

„ეს კანონპროექტი მთლიანად იუსტიციის სამინისტროს ძალისხმევით შემუშავდა და მხოლოდ არასამთავრობო სექტორთან, მინისტრებთან, მათ მოადგილეებთან კონსულტაციის შედეგად იქნა გაგზავნილი საერთაშორისო ექსპერტიზაზე. ყველაზე დიდი სამუშაო გასწია თომას ჰამარბერგის მიერ შემოთავაზებულმა შვედმა ექსპერტმა, ოდირ-მა ეუთო-დან და გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარიატმა.

“შეფასებები დადებითია. ჩვენ მათი და ქართული არასამთავრობო სექტორის შემოთავაზებები გავითვალისწინეთ, ახლა კანონპროექტი უკვე მზადაა. მომავალ კვირას კონსულტაციები გაიმართება უკვე მთავრობის შიგნით და, საბოლოოდ, წარედგინება მთავრობას”, − განაცხადა თეა წულუკიანმა და დასძინა, რომ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონის მიღებით შესრულდება ევროპასთან ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა, “რომლის შესრულების ხარისხზეც არის დამოკიდებული საქართველოსთვის ევროკავშირთან საზღვრების გახსნისა და უვიზო რეჟიმის დამყარების საკითხი”.

კანონ-პროექტის საპარლამენტო განხილვა ახალი წლის შემდეგ დაიწყება.