giorgi_kvirikashvili„მომავალი 4 წლის განმავლობაში მცხეთიდან ვლადიკავკაზის მიმართულებით ავტობანის მშენებლობას ვგეგმავთ,“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამშაბათს,  მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„მცხეთა-ლარსის გზის მშენებლობლისას იგეგმება, რომ გზა ვლადიკავკაზამდე მივიდეს. აშენდება ფასიანი გზა, რომელიც იქნება გვირაბებით დამაკავშირებელი. ამის შედეგად, აღარ იქნება საჭირო გუდაურის გადავლა იმისთვის, რომ ჩახვიდეთ სტეფანწმინდაში და მეორე გვინდა, რომ ეს გზა მთლიანდ ავაცილოთ დევდორაკის მონაკვეთს, სადაც ყოველწლიურად პრობლემაა, როდესაც იქ ყინული დნება.

„პროექტის განსახორციელებლად ჩვენს მეზობლებთანაც იქნება საჭირო პარტნიორობა და თანამშრომლობა. საინჟინრო გადაწყვეტაზე იქნება დამოკიდებული, იქნება უფრო ფართო გზა, ვიდრე დღეს არის თუ იქნება 4-ზოლიანი გზა. თუ საინჟინრო გადაწყვეტა ამის საშუალებას მოგვცემს გზა უნდა გაფართოვდეს და ნამდვილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ავტობანი გაკეთდეს,” – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ვლადიკავკაზიდან ტურისტების მოსაზიდად უკვე დაწყებულია  კობიდან გუდაურის მიმართულებით საბაგიროების მშნებელობისთვის მზადება, რაც შესაძლებელს გახდის, რომ სტეფანწმინდა  ძალიან მნიშვნელოვან ზამთრის კურორტად გადაიქცეს.

პრემიერმა 100-მდე ბიზნესმენთან შეხვედრისას მომავალი ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, სამომავლოდ კიდევ რამდენიმე ავტობანის  მშენებლობაა დაგეგმილი.

კერძოდ, თბილისიდან ლაგოდეხის მიმართულებით აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი ავტობანის;  აშენდება, ასევე, ქუთაისიდან ცაგერისა და ლენტეხის გავლით სვანეთისკენ, მულახისკენ მიმავალი გზა გვირაბების მეშვეობით;  ოთხი წლის განმავლობაში ქუთასიდან კიდევ ერთი, აბასთუმნისკენ მიმავალი გზა აშენდება; დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალიც – სარფიდან დაწყებული, წითელ ხიდამდე და სადახლომდე.