გალის რაიონს ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება. აღნიშნული გადაწყვეტილება 20 თებერვლიდან ამოქმედდა და ენგურჰესში წყლის დონის კლებას უკავშირდება.

ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ლევან მებონიას ინფორმაციით,  შეზღუდვა დღეში 1,1 მილიონ კილოვატს დაზოგავს, შეზღუდვები კი გაგრძელდება მანამ, სანამ წყლის დონე ენგურჰესში მატებას არ დაიწყებს, ეს კი შეიძლება აპრილის დასაწყისში მოხდეს.

ადგილობრივებს აღნიშნული შეზღუდვა დისკომფორტს არ უქმნის, რადგან აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის მიწოდება ქართული დროით, 12-დან 15 საათამდე წყდება, ეს კი ის პერიოდია, როცა მათი უმეტესობა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობითაა დაკავებული.

„გრაფიკი ნორმალურია, სამი საათი არც ისე დიდი დროა, ყოფილა, დღეები არ გვქონია შუქი, აი, ეს კი ნამდვილად გვიქმნის პრობლემას, რადგან სრულიად მოწყვეტილი ვართ გარესამყაროს. როგორც ამბობენ, რომ არა გრაფიკი, შესაძლებელი იყო სრულად შეწყვეტილიყო დენის მიწოდება, ამას კი ნამდვილად გრაფიკი სჯობს“, – აცხადებენ ადგილობრივები.

რაც შეეხება მოხმარების საგრძნობ ზრდას, ადგილობრივების თქმით, მრიცხველების არარსებობის გამო, ფიზიკურად შეუძლებელია იმის გაგება, რა რაოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარს თითო ოჯახი.

„ასე ზეპირად ვერ იტყვი. სოფლებში უმეტესობა შეშით თბება ზამთარში, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც არა აქვთ შეშით მომარაგების საშუალება და ელექტროენერგიას იყენებენ გათბობისთვის. ჩვენთან გაზი არ არის, ამიტომ ყველაფერი დენზეა აწყობილი. ერთჯერადი გადასახადი გვაქვს დაწესებული. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცით, სად მიდის ეს თანხა, ყოველთვისურად ვიხდით“, – აღნიშნავს DFWatch-თან საუბრისას გალის რაიონის სოფელ სიდას მკვიდრი.

რაც შეეხება გადასახადს, ამჟამად გალელები თვეში 400 რუსულ რუბლს (16 ლარი) იხდიან.

„ოთხას რუბლს ვიხდით, ცოტა ხნის წინ სამასს ვიხდიდით. რის საფუძველზე მატულობს, ვერ გეტყვით. არც ის ვიცით ვის და სად ვუხდით. სოფლებში გამგებლებს ჰყავთ ხალხი, რომლებიც ყოველთვიურად აგროვებენ ამ თანხას და, როგორც ამბობენ, გალში შესაბამის ენერგოკომპანიაში რიცხავენ. არის ხალხი, ვინც საერთოდ არ იხდის და არც გადაუხდია“, – აცხადებენ ადგილობრივები.

ცნობისთვის, აფხაზეთში ელექტროენერგიის დეფიციტი ყოველწლიურად იანვარ-თებერვალშია.

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს, საქართველოს მთავრობამ აფხაზეთის მოსახლეობის სრულად უზრუნველყოფის მიზნით, ელექტროენერგია დამატებით რუსეთისგან შეისყიდა.